“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, პირველი ინტერვიუ ტელეკომპანია “იმედს” მისცა. 9 აპრილს ის გადაცემა “პირისპირს” სტუმრობდა.

პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ილაპარაკა საზოგადოების “გამოთაყვანების” საფრთხეზე, მდარე სერიალებზე, კინოინდუსტრიის აღორძინებასა და საზოგადოების რეალობაში დაბრუნების აუცილებლობაზე.

ე.წ. განდგომილ დეპუტატებსა და სხვებზე

ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ზვიად კვაჭანტირაძე და ლევან გოგიჩაიშვილი „ქართული ოცნების“ უმრავლესობიდან „ღია კარების მტვრევით“ წავიდნენ – მათ წასვლის მიზეზი არ ჰქონდათ.

„მათ ძალიან გაუჭირდებათ პოლიტიკური მომავლის შექმნა, რამეთუ მათ ვერ ჩამოაყალიბეს წასვლის მიზეზი… საბაბადაც ვერ გამოდგება ის მიზეზი, რასაც ისინი ასახელებენ და ასახელებდნენ“.

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ ინიცირებული წინადადებები საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა.

გუნდში შეჯერებულ, დასაბუთებულ არგუმენტებს კი ე.წ. „განდგომილები“ არ იზიარებდნენ და „არ წყნარდებოდნენ, რამეთუ მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ გუნდიდან გასვლა“.

იმის დასტურად, რომ „განდგომილების“ გუნდიდან გასვლის მიზეზი რეალისტურად სასამართლოს თემას არ უკავშირდება, ბიძინა ივანიშვილი მათ დაგვიანებულ რეაქციებზე ლაპარაკობს.

„სასამართლოს მდგომარეობას ისინი განიცდიან რატომღაც მეექვსე წელიწადს. ჩვენს გუნდთან პოლიტიკური არსებობის მეექვსე წელიწადს გაახსენდათ, რომ თურმე სასამართლო არ ვარგა…“

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ არაფერს ამტკიცებს, მაგრამ მიანიშნებს, რომ ეკა ბესელია და უმრავლესობიდან გასული სხვა დეპუტატები (სოციალ-დემოკრატების გარდა) „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს თამაშობენ.

როდესაც შიგნით გარჩევები გვქონდა და მე მათ მივანიშნებდი და მიანიშნებდნენ თანაგუნდელებიც, რომ ეს თქვენი პოზიცია რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს და არავითარი საფუძველი არ გაქვთ, რომ სასამართლო ასე ტოტალურად შეარყიოთ… ისინი, რა თქმა უნდა, აღშფოთდებოდნენ და გვეკითხებოდნენ – ასეთი ეჭვი გაქვთ?!… მე ყოველთვის ვეუბნებოდი – არა, არა… მაგრამ ამას რატომ აკეთებთ?! “

თუკი ეკა ბესელიასა და მათ თანამოაზრეებს ბიძინა ივანიშვილი ჯერჯერობით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობაში ღიად არ ადანაშაულებს, ასეთ ბრალდებებზე ლაპარაკობს სხვა ყოფილ თანაგუნდელებთან მიმართებით, ესენი არიან: გია ხუხაშვილი, გუბაზ სანიკიძე, დავით უსუფაშვილი და შალვა შავგულიძე.

ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი 2018 წლის დეკემბერში დატოვა, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების 10-კაციანი სიის გაპროტესტების საფუძვლით. შემდეგ მან უკვე – უმრავლესობაც დატოვა, ამავე თემით უკმაყოფილო რამდენიმე დეპუტატთან ერთად. ისინი ლაპარაკობენ სასამართლოში არსებულ „კლანზე“ და იმაზე, რომ ამ „კლანს“ ლობირებს „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში შემავალი დეპუტატების გარკვეული ჯგუფი.

შალვა შავგულიძესა და „გირგვლიანის საქმეზე“

ბიძინა ივანიშვილი საეჭვოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ სააპელაციო სასამართლოში აღარ გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

„ადრე მე ვფიქრობდი, რომ მას ეს გამოუცდელობით მოუვიდა, მაგრამ დღევანდელ სიტუაციას თუ შევხედავთ, გადავაფასოთ აქვე…“

ბიძინა ივანიშვილი ლაპარაკობს „დიდ ეჭვზე“, რომ შალვა შავგულიძე მონაწილე იყო მანიპულაციებისა სასამართლოსთან და პროკურატურასთან ერთად – „ადეიშვილი მართავდა ორივეს“.

რამდენად გმირია შავგულიძე და რამდენად მკვლელია ლევან მურუსიძე? – შეკითხვას სვამს ბიძინა ივანიშვილი.

„დღეს შარს სდებენ მურუსიძეს და ახსენებენ, რომ ის ვალდებული იყო – პირველ ინსტანციაში უნდა დაებრუნებინა (საქმე) გამოსაძიებლად, რადგან სასჯელი არ იყო საკმარისი იმ მკვლელობისთვის, რაც იქ მოხდა… ამის უფლება არ ჰქონდა მურუსიძეს და იცით რატომ? იმიტომ, რომ შავგულიძემ თავის დროზე არ დაწერა აპელაციაში“.

შალვა შავგულიძე შუალედურ არჩევნებზე მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არის დასახელებული. მას მხარს უჭერს „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო ბლოკი.

ბიძინა ივანიშვილი შალვა შავგულიძის მხარდამჭერად „ნაციონალურ მოძრაობას“ მოიხსენიებს.

„ის (შალვა შავგულიძე) რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გახდა. „ნაციონალური მოძრაობა“ მას მხარს უჭერს არჩევნებზე… „ევროპული საქართველოა“, მაგრამ ეს ერთია ჩემთვის ორივე… ის რაც მეგონა ადრე, რომ მას გამოეპარა და შეცდომა დაუშვა, როდესაც აპელაციაში არ დაწერა, დღეს ასე აღარ ვთვლი. ის იყო თამაშის მონაწილე… როგორც გინდათ, ისე გადათარგმნეთ…“

პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, სანდრო გირგვლიანის ადვოკატი შალვა შავგულიძე ბიძინა ივანიშვილს „ბინძურ ცილისწამებაში“ ადანაშაულებს. ის ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ორი შესაძლო მიზეზი ამოძრავებს: პირველი – კონტროლირებადი მოსამართლეების შენარჩუნება სასამართლოს სისტემაში და მეორე – მისი. როგორც მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის დისკრედიტაცია.

ლევან მურუსიძესა და სხვა მოსამართლეებზე

ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ ლევან მურუსიძისა და სხვა მოსამართლეების (მათ შორის – მიხეილ ჩინჩალაძის) ლანძღვა და დაკნინება „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებშია და პროცესიც მათი წამოწყებულია.

„ეს გვარები, მათი ოდიოზურობა და კლანურობა, ყველაფერი მოდის „ნაციონალური მოძრაობისგან“ და მათგან მართული ენჯიოებიდან… ეს შეგიძლიათ ნახოთ მედიაში, ყველაფერი ეს ჩანს… მიზეზი არის მხოლოდ ის, რომ მათ სასამართლოზე გავლენა დაკარგეს და მის დაბრუნებას ცდილობენ“.

ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ ლევან მურუსიძემ, მიხეილ ჩინჩალაძემ და სხვებმა მოახერხეს და უარი თქვეს „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენებზე და სწორედ ეს არ აპატია მათ „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშში ჩაბმულად მიიჩნევს არასამთავრობო სექტორს და განსაკუთრებით – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“. როგორც ეს მანამდეც არაერთხელ მომხდარა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ამ კონტექსტში საგანგებოდ ახსენა ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაურიც.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, სხვა გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად, მუდმივად ლაპარაკობს სასამართლო სისტემაში არსებულ კლანურ მმართველობაზე და რეალური რეფორმების გატარების აუცილებლობაზე. ისინი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას კვლავაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გარანტად მიიჩნევენ, თუმცა არა იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს „მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანად“ წოდებული გავლენიანი ჯგუფი მართავს.

დავით მაღრაძის მოძრაობაზე

ბიძინა ივანიშვილის თქმით, მას გაუკვირდა, როდესაც საზოგადოებრივი მოძრაობის, „დაიცავი საქართველოს“ ლიდერისგან, პოეტ დავით მაღრაძისგან „ქართული ოცნების“ მწვავე კრიტიკა მოისმინა.

ივანიშვილის განსაკუთრებული გაკვირვება კი, როგორც ჩანს, იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ დავით მაღრაძე სასამართლო სისტემის მწვავე კრიტიკოსთა რიცხვს შეუერთდა.

„მაღრაძეს ისეთივე პრობლემები აქვს, რაც ჩემს თანაგუნდელებზე ვთქვი… წაკითხული მაქვს, რა თქმა უნდა, ყველა მისი გამოსვლა… ძირითადად ისევ სასამართლოს მოიშველიებს მაღრაძე, რომ მასაც არ აწყობს ის და იგივეს იმეორებს, რასაც ამბობს ოთხეული, რომელიც გავიდა ჩვენი გუნდიდან… (სასამართლოს თემა) ისევე როგორც ამ ოთხეულს, მასაც ვერაფრით ვერ გამოადგება მიზეზად“.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, თუკი დავით მაღრაძეს უნდა მოძრაობა ანდა პოლიტიკური პარტია, მას უნდა ჰქონდეს დასაბუთებული არგუმენტები, რაც სასამართლოს ცუდ მდგომარეობაზე აპელირებით მას არა აქვს – რადგან სასამართლო სისტემა წარმატებით ვითარდება.

„რამდენად ზნეობრივია სააკაშვილისა და ივანიშვილის გვერდიგვერდ ტოლებად მოხსენიება?“, – ეს არის შეკითხვა, რომელზე პასუხიც ბიძინა ივანიშვილს სწორედ დავით მაღრაძისგან აინტერესებს.

მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ ლიდერმა, დავით მაღრაძემ 13 აპრილისთვის მასშტაბური თავყრილობა დააანონსა. ის შეკრებაზე იწვევს ყველას „ვისაც მიაჩნია, რომ „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის მორალური ზღვარი წაიშალა და დაპირისპირებას აღარ აქვს ღირებულებითი საფუძველი“.

მოსახლეობის „გამოთაყვანების“ საფრთხესა და სერიალებზე

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ტელევიზიები „იაფი ტრიუკებითა“ და მდარე ხარისხის პროდუქციით, მათ შორის – სერიალებით ცდილობენ მაყურებლების მოზიდვას.

„საზოგადოების აღქმის ძირითადი წყარო – ჩვენი მედიასივრცე… თუ ანალიზს გავუკეთებთ, იქ საშინელება იხატება. გარდა იმისა, რომ ბილწსიტყვაობა უკვე გახდა ჩვეულებრივი პრაქტიკა (რაც ნორმალურ ქვეყნებში აკრძალულია ) და დედის გინება ტელევიზიებიდან მოდის… ეს მდარე სერიალები და მდარე გადაცემები – ლამის ეროვნულ უსაფრთხოებაზე შეიძლება განგაში ავტეხოთ…

თუ ეს კიდევ დიდხანს გაგრძელდა, ჩვენ შეიძლება (არავის არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო) სხვა საზოგადოება მივიღოთ, – რაღაც გამოთაყვანებული (ბოდიშის მოხდით)…“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ იქვე დასძინა, რომ ეს კრიტიკა ტელეკომპანია „იმედსაც“ ეკუთვნის, თუმცა „ენით აღუწერელია ის, რაც მოედინება იქიდან („რუსთავი 2“-დან)“.

მოსახლეობის „გამოთაყვანების“ საფრთხესთან მიმართებით ბიძინა ივანიშვილს გამოსავალი კინოინდუსტრიის აღორძინებაში ეგულება.

„გადაწყვეტილებებიც მიღებული გვაქვს – კინოინდუსტრია უნდა აღორძინდეს. საქართველოში უნდა დაიწყოს ქართული ფილმების გადაღება, მათ რიცხვში – სერიალებისაც და მათ რიცხვში – ისტორიული სერიალებისაც… მობილიზებას ვაკეთებთ მაქსიმალურს…“

ბიძინა ივანიშვილის თქმით, დაფინანსებაში მონაწილეობას მიიღებს ფონდი „ქართუ“ და ახლო მომავალში მკვეთრი ნაბიჯები გადაიდგმება.

საზოგადოების რეალობაში დაბრუნების მიზანზე

ბიძინა ივანიშვილი ამბობს იმასაც, რომ საჭიროა საზოგადოების „რეალობაში დაბრუნება“ და „რეალობა არ არის ისეთი მძიმე, როგორიც არის მისი განცდა და აღქმა“.

„აქვს ამას ობიექტური ნაწილი, ობიექტური აღქმა და სუბიექტური, ის, რასაც შვებიან ოპონენტები“.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებული კარგი საქმეებისა და წარმატებების აღქმის საშუალებას ხალხს არ აძლევს ოპოზიცია.

„დიდი შეღავათები მიიღო საზოგადოების ყველა ფენამ – ჯანდაცვიდან და სხვა პროგრამებიდან გამომდინარე… კარგს იოლად ეჩვევა ადამიანი და მალე ივიწყებს და მუდმივად უნდა უკეთესობა…

ტენდენცია აქეთკენ არის, მაგრამ ამ ტენდენციის დანახვა იმ ფონზე, როდესაც გვყავს ასეთი ოპონენტი, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“ – სიცრუეს აფრქვევს მუდამ, საზოგადოების განწყობა არის ძალიან მძიმე“.

ბიძინა ივანიშვილის თქმით საერთაშორისო კვლევის თანახმად, „ბედნიერების ინდექსი“ უფრო მაღალია ზოგიერთ საქართველოზე უფრო ღარიბ სახელმწიფოში და პირიქით, მაგალითად, საქართველოზე წარმატებულ სახელმწიფოში – საფრანგეთში – ბედნიერების ინდექსის მაჩვენებელი უფრო დაბალია.

საზოგადოების “ძალიან მძიმე განწყობის” მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ „იოლად მიღწევადია“ მისი პარტიის გამარჯვება 2020 წლის არჩევნებზე.

comments