საბანკო რეგულაციებში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა არ იგეგმება – ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა. გიორგი ქობულია ადასტურებს, რომ ახალმა რეგულაციებმა პრობლემები შეუქმნა საცალო გაყიდვებს და განსაკუთრებით ტექნიკის მაღაზიებს, თუმცა მინისტრი ამბობს, რომ საბანკო რეგულაციები გათვლილია უფრო გრძელვადიან ეფექტზე და მისი მთავარი მიზანი არაგონივრული სესხებისგან დაბალ შემოსავლიანი მოსახლეობის დაცვაა.

„არსებითად ვექტორების და გენერალური ხაზი არ შეიცვლება. მაგის იმედი ნურავის ნუ ექნება. ლაპარაკი არის ვთქვათ იპოთეკურ სესხებზე, სადაც ჩვენ გვაქვს განსაზღვრული კოეფიციენტები ადამიანის შემოსავალსა და იმ სესხს შორის, რომელიც შეიძლება ადამიანმა აიღოს იპოთეკისთვის. აი ეს კოეფიციენტების დონე შეიძლება შეიცვალოს. მაგალითად, უცხოელებზე თუ დღეს ჩვენ ვითხოვთ 40% შემოიტანონ და შემდეგი სესხი შეუძლიათ აიღონ ბანკში ცნობის გარეშე, შეიძლება ეს 40 % გადაიხაროს ცოტა უფრო შემცირებისკენ. მაგრამ ისევ და ისევ მე გაძლევთ თქვენ მაგალითებს და არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ, რომ ეს ჩემი გადაწყვეტილებაა, რეკომენდაციაა. ეს არის ჩვენი ეროვნული ბანკის პრეროგატივა. რაც შეეხება საცალოს, არის განსაზღვრული შემცირება, მაგრამ ზუსტად აზრიც ამაში იყო, რომ ამ რეგულაციებს უნდა შეემცირებინა ის სესხები, რომელიც ხალხს გაუაზრებლად ჰქონდა აღებული. ზუსტად რა თქმა უნა ამას რაღაც გავლენა უნდა ჰქონოდა. რომ არ ჰქონოდა ამას გავლენა საცალო ვაჭრობაზე, ჩვენ ვიტყოდით, რომ ეს რეგულაციები უეფექტო იყო. ჩვენ ხომ ვზრუნავთ არა მოკლე ვადიან შედეგებზე, არამედ ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი  მოქალაქეების გრძელვადიან კეთილდღეობაზე და დიაც, ჩვენმა მთავრობამ აიღო ეს პასუხისმგებლობა,“-განაცხადა გიორგი ქობულიამ.

comments