„თუ დამიძახებს კომიტეტი და არა კონკრეტული ფრაქციები, ვალდებულად ჩავთვლი თავს, მივიდე – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„თუ დამიძახებს კომიტეტი და არა კონკრეტული ფრაქციები, ვალდებულად ჩავთვლი თავს, მივიდე და რაღაც კითხვებზე გავცე პასუხი. მე თვითონ ამის პრაქტიკულად არანაირი მოთხოვნა და დიდი სურვილი არ მაქვს, მაგრამ თუ საჭირო გახდება, რა თქმა უნდა, ამაზე უარს ვერ ვიტყვი, რადგან ვთვლი, რომ ეს ჩემი პასუხისმგებლობაა საკუთარი თავის წინაშე და აგრეთვე ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა აღნიშნა ქობულიამ.

რაც შეეხება თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნით მასზე შესაძლო ზეწოლას, გიორგი ქობულია აცხადებს, რომ ამ თემებზე საუბარს არ აპირებს, რადგან არაკორექტულად მიაჩნია.

„ვერ დაგიკონკრეტებთ. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. იქ რომ მივალ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა კითხვაზე გავცემ პასუხს. კომიტეტზე მისვლის ძირითადი შინაარსი იყო იმაში, რომ წარმედგინა საქმიანობის ანგარიში და არა ვისაუბრო კერძო თემებზე და შემთხვევებზე“, – განაცხადა ქობულიამ.

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ მოითხოვა, კომიტეტმა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გაწეული მუშაობისა და მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ იმსჯელოს. კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ აღნიშნა, რომ საკითხზე კომიტეტის წევრები იმსჯელებენ და პოზიციაზე ჩამოყალიბდებიან.

გიორგი ქობულიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობა 18 აპრილს დატოვა. მინისტრად ნათია თურნავა დაინიშნა, რომელიც მანამდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

პრაიმტაიმი

comments