ბოლნისის პოლიციის თანამშრომლებს არასრულწლოვანი ბრალდებული ძალადობაში ადანაშაულებს.

ქურდობაში მხილებული 15 წლის თ.ა. ყვება, რომ პოლიციის განყოფილებაში სცემეს და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.

მოზარდის თქმით, პოლიციელები მისგან თანამზრახველების და მოპარული ნივთების ადგილმდებარეობის დასახელებას მოითხოვდნენ. მას შემდეგ, რაც მედიაში მოზარდის ინტერვიუ გავრცელდა „პრაიმტაიმს“ დაუკავშირდა თ.ა-ს სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებული მოქალაქე ლია ყურაშვილი, რომელიც ამბობს, მოზარდმა და მისმა ოჯახმა ძალადობის სცენარი, სავარაუდოდ, ჩადენილი დანაშაულის გადასაფარად მოიგონეს.

ლია ყურაშვილის თქმით,  მოზარდმა მას დიდი ოდენობით, დაახლოებით 8 000 ლარის ოქროულობა მოპარა და იმის გამო, რომ მოპარული ნივთების დაბრუნებას სთხოვენ, თავს მსხვერპლად წარმოადგენს.

„ოქროს მაღაზიიდან მოიპარა ოქროული, ჯვრები და ბევრი ვერცხლეულიც. დაახლოებით 8000 ლარის ოდენობით. როცა ჩატარდა ამოცნობა, ადგილზე იყო მხოლოდ ჯვრების მესამედი, დანარჩენ ნაქურდალს არ ასახელებს სად წაიღო, არც თანამზრახველებს. თვითონ, ახლა, ვითომ მსხვერპლად წარმოაჩენს თავს. გაიარეთ ბოლნისში, იკითხეთ სკოლაში როგორი მსხვერპლიც არის გეტყვიან. იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოიხადოს, აქეთ იგონებენ ისტორიებს. ფაქტი ერთია – დაზარალებული ვარ მე, დამნაშავე კი ეგ ადამიანი. მანდ სხვა არაფერ შუაში არ არის. მე ვფიქრობ, ეს ძალადობის ამბავი მოიგონა, რადგან როგორმე ეს მოპარული ნივთები არ დააბრუნოს და ხელი დააფაროს სხვებს. ასეთ გახრწნილ მოზარდებს რომ არ იჭერენ იმიტომ მიდის ქვეყნის საქმე, ის ხვალ და ზეგ კაცსაც მოკლავს. ყველაფერზე ხელის მომწერია“, – აცხადებს დაზარალებული.

წყარო:primetime.ge

comments