ბიძინა ივანიშვილი არჩევნების მეორე ტურზე მივიდა. საკუთარ არჩევანს ის მთაწმინდის მეოთხე საარჩევნო უბანზე აფიქსირებს. ივანიშვილი უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა. ხმის მიცემის შემდეგ, “ქართული ოცნების” ლიდერმა განაცხადა, რომ არჩევნები მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში იმდინარეობს, ისევე როგორც ეს იყო პირველ ტურზე. ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მთაწმინდაზე მეორე ტური კარგი პრეცედენტია თუმცა ამჯერად “ოცნების” კანდიდატი გამარჯვებას შეძლებს.

„როგორც მოგახსენეთ პირველი ტურის დროს ველოდებოდით ჩვენ მეორე ტურს, თუმცა იქვე აღვნიშნე, რომ ყველ არჩევნებში ქართული ოცნება დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს, რაც ნახეთ კიდეც, და დღეს, ბოლო არჩევანსაც ნახავთ, რომ ქართული ოცნების კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. და შეიძლება გავუსვათ ხაზი დამატებით. მეორე ტური მთაწმინდაზე, მხოლოდ დემოკრატიულობის მაჩვენებელია. ეს კარგია. იცით ევროპელებს ძალიან მოსწონთ მეორე ტური, ძალიან არ უყვართ როდესაც დიდი უპირატესობით იგებს ერთი კანდიდატი შემდგომ. მთაწმინდა ამ მხრივ შეიძლება იყოს კარგი მაჩვენებელი. ამავდროულად ხაზგასასმელია ისიც, რომ საკმაოდ კულტურულად ჩატარდა არჩევნები და შეიძლება ვთქვათ რომ ეს ევროპული არჩევნები იყო. ამაში წვლილი აქვს ორივე მხარეს. ორივე ოპონენტს. ოპონირება იყო ძალიან მძაფრი მაგრა ყველაფერი მიდიოდა კულტურულად. აი ესე თანდათანობით ჩვენ უნდა განვვითარდეთ და გავხდეთ ევროპელები,“-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტურში მთაწმინდაზე რთმანეთს “ქართული ოცნებიდან” ლადო კახაძე, “ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატებიდან” კი შალვა შავგულიძე უპირისპირდებიან.

comments