საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს პარლამენტში მყოფ ქართულ პოლიტიკურ ძალებს, ასევე მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, მოლდოვის მოდელით იმოქმედონ და მათ მსგავსად დაამხონ ოლიგარქ ივანიშვილის მიერ მართული მთავრობა.

„ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სააკაშვილი ამბობს, რომ პარლამენტის ორი ოპოზიციური ძალის და მმართველი პარტიის ერთი ნაწილის მიერ შექმნილმა გაერთიანებამ მოლდოვაში ახალი მთავრობა დააკომპლექტა, „ქვეყნის მფლობელ ოლიგარქს ყველა ბერკეტი წაართვა“ და „გამოაცხადეს მოლდოვა ოლიგარქის მიერ მიტაცებულ სახელმწიფოდ და დაიწყეს სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა მოქმედი ოლიგარქის წინააღმდეგ“.

„ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა მოლდოვიდან, სადაც პარლამენტში შედგა საპარლამენტო გადატრიალება პრაქტიკულად, ორი ოპოზიციური ძალა გაერთიანდა, მას მიუერთდა ნაწილი ოლიგარქის პარტიის, ყოფილი მთავრობის და ერთობლივი ქმედებებით დააკომპლექტეს ახალი მთავრობა, ოპოზიციისგან შემდგარი, წაართვეს პლახატიუკს, ქვეყნის მფლობელ ოლიგარქს ყველა ბერკეტი და გამოაცხადეს, პარლამენტის გადაწყვეტილებით, მოლდოვა, ოლიგარქის მიერ მიტაცებულ სახელმწიფოდ და დაიწყეს სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა მოქმედი ოლიგარქის წინააღმდეგ. ეს ამბავი იმიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მოლდოვაში ზუსტად ისეთივე სიტუაციია ბოლო მრავალი წელი, როგორიც არის საქართველოში. ერთმა კაცმა ჯიბეში ჩაიდო ქვეყნის პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო სისტემა, მთელი ბიზნესი, პოლიტიკურ ოპონენტებს სვამდა ციხეში და არავის ახლო არ აკარებდა ხელისუფლებასთან და აი, მოხდა ის, რაც გარდაუვალი იყო – ოლიგარქი დაემხო. მოლდოველებმა როგორ უნდა გვაჯობონ ჩემო მეგობარო ქართველებო. კარგი ხალხია მოლდოველები, ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ ყოველთვის ჩვენ ვიყავით ათი თავით მაღლა და ათი თავით წინ. თავმოყვარეობა გვაქვს თუ არა? ღირსება გვაქვს თუ არა? გვაქვს. ამიტომ უნდა მოვიფიქროთ, ვიმოქმედოთ, გავიზიაროთ ეს მაგალითი, ძალიან მაგარი ტენდენციაა და სხვათა შორის, ეგრევე, ამერიკამ და ევროპამ ტაში დაუკრეს ამ ყველაფერს, რაც მოხდა კიშინოვში. კიშინოვიზაცია უნდა მოვახდინოთ ჩვენი პოლიტიკის. რახან სინგაპურიზაცია არ გამოგვდის, ჯერჯერობით, მოლდოვიზაცია მაინც მოვახდინოთ იმიტომ, რომ ივანიშვილმა მართლა მოლდოვის მოდელი აიღო ქვეყნის გასანადგურებლად საქართველოში და აი, ეხლა მოლდოველებმა გამოიღვიძეს და მოლდოველებმა თვითონ მოიშორეს ეს ძველებური მოლდოვის მოდელი. ჩვენ უნდა მოვიშოროთ მოლდოვიზაცია საქართველოში ასევე, აბა თქვენ იცით“

comments