კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ინიციატივას პარლამენტის თავმჯდომარე აფასებს. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები დროულად არის მისაღები.

„ჩვენ მივიღებთ ზომებს იმისთვის, რომ დაჩქარდეს ამ კანონპროექტის განხილვა და გვექნება ფართო კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „მაუწყებლობის შესახებ“კანონში  შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. ცვლილებები, რომლებიც საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, 2019 წლის 1 ივლისამდე უნდა მიიღოს,  სიძულვილის ენის, ომის პროპაგანდისა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვას ითვალისწინებს.

“აქტუალური საკითხია. ამ თემაზე ჩვენ გვექნება მსჯელობა  სამუშაო ჯგუფის ფორმატში, საარჩევნო კუთხით, თუმცა, ამ საკითხის მნიშვნელობა საარჩევნო განზომილებას სცილდება. ინიცირებულია შესაბამისი კანონპროექტი, განიხილება შესაბამის წამყვან კომიტეტში. გეთანხმებით, რომ გაჩერებული იყო თვეების განმავლობაში ეს კანონპროექტი.

ჩვენ მივიღებთ ზომებს იმისთვის, რომ დაჩქარდეს ამ კანონპროექტის განხილვა და გვექნება ფართო კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ვადასტურებ, რომ ბატონი კახა ბექაურის მიერ გაჟღერებული ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი, აქტუალური და დროულად არის გადაწყვეტილებები მისაღები ამ მიმართულებით. წამყვან კომიტეტში ჯერჯერობით არ განხილულა, მიზეზებსაც მოვიძიებთ და შევეცდებით, რომ დავაჩქაროთ ამ საკითხის განხილვა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამოცანაა, მოიძებნოს საუკეთესო ბალანსი სიძულვილის ენასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს არის საკითხი, რომელიც შესწავლას და კონსულტაციებს საჭიროებს.

„სიძულვილის ენაც  არის გამოხატვის თავისუფლების შემადგენელი ნაწილი, მაგრამ ამოცანა ზუსტად  ის არის, რომ  მოვძებნოთ საუკეთესო ბალანსი ადამიანის სურვილს შორის, რომ სიძულვილით ილაპარაკოს და მეორე მხრივ, გამოხატვის თავისუფლებას შორის. სიძულვილის ენა პრობლემაა ჩვენს მედიაში და ზოგადად, საზოგადოებაში. როცა ვსაუბრობთ, იგივე, პოლიტიკურ კულტურაზე, ვიდრე იქნება ამ მასშტაბით წარმოდგენილი მედიაში სიძულვილის ენა ან პოლიტიკაში სიძულვილის ენა, წარმოუდგენელია საუბარი პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციაზე. ეს არის საზოგადოების პრობლემა.  ეს არის ის საკითხი, რომელიც საჭიროებს შესწავლას, კონსულტაციებს და რა თქმა უნდა, ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას.

როდესაც ეხები გამოხატვის თავისუფლებას, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუმცა, დამეთანხმებით, რომ სიძულვილის ენა არის ის საკითხი, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება, გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს კიდეც.  მთავარია, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ლეგიტიმურ ჩარჩოებში იყოს მოქცეული”, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ პარლამენტს მოუწოდა კომისიის მიერ საკანონმდებლო უწყებაში ინიცირებული კანონპროექტის განხილვა დააჩქაროს. მისი თქმით, ვალდებულება საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ქვეყანას ნაკისრი და  „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ეხება.

comments