ვაღიარეთ და ათასგზის მოვიბოდიშეთ ამ დღეების განმავლობაში ის ძალიან ცუდი შეცდომა, რაც ამ დარბაზში მოხდა, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, როდესაც რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის პარლამენტში მისვლას და ამის შემდეგ რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კარგი იქნებოდა მისი განცხადება, რომელსაც ახლა აკეთებს, ოპოზიციონერ კოლეგებსაც მოესმინათ, თუმცა აქვე მდინარაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციას არ სურს სიმართლის მოსმენა.

„პირველები ჩვენ ვიყავით, ვინც ამაზე რაგირება მოაყოლა. მე ვიყავი პირადად ის ადამიანი, რომელიც გიჟივით მოვარდა ამ დარბაზში და  ირაკლი კობახიძესთაბ ერთად, პარტიის თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან, უმრავლესობის ლიდერთან შეთანხმებით, იმ წამსვე ჩავშალე სხდომა. ეს იყო ჩვენი რეაქცია და საღამოს არც ერთი რუსი დეპუტატი არ იყო თბილისში. მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლებელია ეს ყველაფერი დაენახა. ვერ არა, არ დაინახავდა. ამაზე რეაგირება იცით რა მოაყოლეს? გარეთ გამოსული ადამიანები, ახალგაზრდები უმტესწილად, მათი ნაწილის ემოცია მართეს სამწუხაროდ ისე, რომ საღამოს რა შედეგებიც მივიღეთ, ნახეთ. ახლა კი ერთი სიტყვა ვთქვი პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე და რა გამოიწვია ამან, ყველამ კარგად ვნახეთ. არ უნდათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ, არც სამართლებრივი. ამათ სჭირდებათ ობსტრუქცია“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ვიღაცამ უნდა აიღოს იმაზე, რაც 20-21 ივნისის ღამეს მოხდა და პირველ რიგში მათ, ვინც მოუწოდებდა ხალხს პარლამენტში შევარდნისკენ.

„მივიღეთ დაზიანებული ხალხი, რომლის ჯანმრთელობაზეც დღე და ღამე უნდა ვიზრუნოთ, ვიფიქროთ ამ ადამიანებზე და თან უნდა გადავყვეთ მთელი ცხოვრება, იმიტომ, რომ ისიც ამ ყველაფერს მოჰყვა. ამაზე პასუხისმგებლობა ვიღაცამ უნდა აიღოს. პასუხისმგებლობა აიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ამათ არც იმაზე უნდათ პასუხისმგებლობა აიღონ, რომ წარსულში რუსეთს ჩააბარეს ტერიტორიები, მერე რუსების რეზოლუციებს ხმა მისცეს და ახლა იმაზე, რაც დაიწყეს და რისი შედეგებიც მივიღეთ“ , – აღნიშნა მდინარაძემ.

alia.ge

comments