მე გავაგრძელებ ურთიერთობებს რუსეთთან და რუსეთის ხელისუფლებასთან იმისათვის, რომ ნაწილობრივ მაინც შერბილდეს ის პირდაპირი ღალატი, რასაც ახორციელებენ ვითომ პატრიოტები, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ბურჯანაძის თქმით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადება, რუსეთის მხრიდან მწვავე რეაქციას გამოიწვევს.

„მე მგონია, რომ მწვავე რეაქცია რუსეთის მხრიდან ამასთან დაკავშირებით გასაკვირი არ არის. ეს არის აბსოლუტურად ადეკვატური რეაგირება იმიტომ, რომ აქ არ არის ლაპარაკი ერთი ადამიანის შეურაცხყოფაზე, ეს არის ზოგადად მთელი ერის შეურაცხყოფა, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ამას ვთვლი საქართველოს მოსახლეობის და ქართველი ერის შეურაცხყოფად იმიტომ, რომ არავის, არასდროს არ უკადრია ეს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან გაამწვავებს ვითარებას და ურთიერთობას. მე ურთიერთობებს რუსეთთან, რუსეთის ხელისუფლებასთან და დეპუტატებთან გავაგრძელებ იმისათვის, რომ ნაწილობრივ მაინც შერბილდეს ის პირდაპირი ღალატი, რასაც ახორციელებენ ის ადამიანები, ვინც ვითომ ვაი პატრიოტიზმისა და ურა პატრიოტიზმის ლოზუნგებით აკეთებენ იმას, რაც არასოდეს არც ერთ ქართველ პატრიოტს, ყველაზე სასტიკი მტერის წინააღმდეგაც კი არ გაუკეთებია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

comments