რუსეთის პრეზიდენტის ბრძანება საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვის შესახებ ძალაში დღეიდან შევიდა. რუსული ქალაქებიდან საქართველოში ფრენებს აჩერებს ყველა ავიაკომპანია. იმ რუს ტურისტებს, რომლებიც უკვე საქართველოში არიან, სახლში დაბრუნება შემოვლითი გზებით მოუწევთ.

„ახლა ერევნის გავლით მოსკოვში ვბრუნდებით, თუმცა იმედი მაქვს პირდაპირი რეისით ისევ საქართველოში ჩამოვალ,“ -აცხადებს ერთ-ერთი ტურისტი.

აღნიშნული გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინმა მასშემდეგ მიიღო, რაც რუს დეპუტატს სერგეი გავრილოვს საქართველოს დატოვება სპეცრეისით მოუწია. მის ვიზიტს კი საქართველოში ხმაური მოჰყვა. საზოგადოების გაღიზიანება პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მჯდომი გავრილოვის დანახვამ გამოიწვია. ქუჩაში გამოსული ათასობით მომიტინგეს კი სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა, რის გამოც 20 ივნისის ღამეს “გავრილოვის ღამედ” მოიხსენიებენ.

comments