დაპირისპირება შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან – აქცია, სადაც 2 კვირაა გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ, სამოქალაქო ტანსაცმელში მისულმა პირებმა დაარბიეს.

აქციის მონაწილეებს თავს დაახლოებით, 50-მდე ადამიანი დაესხა. მათი უმეტესობა, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, “ტიტუშკებმა” დაშალეს კარავი, ჩამოხსნეს საპროტესტო ბანერები, მოშიმშილეები კი ადგილიდან გააძევეს.

ისინი ამბობდნენ, რომ გიორგი გახარია შს მინისტრის თანამდებობიდან არ უნდა გადადგეს. მათი თქმით, აქციის მონაწილეები ხელს უშლიან, რადგან გზას კეტავენ. მათი განცხადებით, მოშიმშილეებს კარვის გაშლის უფლებას არ მისცემენ. ისინი აგრესიულობით გამოირჩეოდნენ, მათ შორის “რუსთავი 2-ის” გადამღები ჯგუფის მიმართ.

„არავის დავუფინანსებივართ. საწვავიც „ნისიად“ ჩავასხით, გზა გადაკეტეს, ხელს გვიშლიან მოძრაობაში, „ნაციონალური მოძრაობა“, „რუსთავი 2“ და ამდაგვარი ხალხი ხელს გვიშლის ცხოვრებაში. მოუძღვებიან რუსებს, ჩვენ არ დაგვიშლია, ქარმა დაშალა, ალბათ, გვარამია მოგვიკითხე, თბილისში მოვინახულებთ, მშვიდობიანად ვიქცევით. „რუსთავი 2“ უნდა დაიკეტოს, „ნაციონალების“ პოლიტიკურ მოღვაწეობაც უნდა აიკრძალოს, სახლში უნდა იშიმშილონ, ქუჩას ნუ გვიკეტავენ,“ – განაცხადა ერთ-ერთმა მათგანმა.

აქციის მონაწილეები და ოპოზიციის წევრები მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და აცხადებენ, რომ “ტიტუშკები” სწორედ მთავრობის მიერ არიან მოგზავნილები. ისინი სამართალდამცველებს უმოქმედობაში ადანაშაულებენ და აღნიშნავენ, რომ ინციდენტის დროს პოლიციამ რეაგირება არ მოახდინა. აქციის მონაწილეები და ოპოზიციის წევრები მოითხოვენ, რომ მომხდარზე დროულად დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს თავდამსხმელთა ვინაობა.

მოშიმშილეები ამბობენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, სანამ შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია თანამდებობას არ დატოვებს.

„გახარია, სანამ არ მოგიწევს შენი ზონდერ-პოლიციელების მოყვანა აქ, თვალებში სროლა ჩვენთვის, ჩვენ მანამდე არ დავიშლებით. რამდენი ტიტუშკაც არ უნდა მოაგზავნო, ვინც არ უნდა მოაგზავნო, ჩვენ აქ ვიდგებით და ეს პროტესტი გაგრძელდება,“ – განაცხადა ‘ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბონდო თედორაძემ.

 

comments