ვინ და რა თანმიმდევრობით გასცა ბრძანებები 20-21 ივნისის ღამით რუსთაველის გამზირზე? რა გახდა აქციის დარბევისა და სისხლის დაღვრის საფუძველი? რატომ არ დაიცვა სახელმწიფომ მშვიდობიანი მომიტინგეები? არსებობს თუ არა დამადასტურებელი მტკიცებულებები იმისა, რომ პოლიტიკოსები სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ?

შინაგან საქმეთა მინისტრი აცნობიერებს, რომ ის, რაც მან 11 ივლისს ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში თქვა, შესაძლოა, გამოძიებისთვის ჩვენების ტოლფასი იყოს.

წერილობითი და სიტყვიერი ბრძანებები

გიორგი გახარიამ თქვა, რომ არსებობს მისი ერთი წერილობითი და რამდენიმე სიტყვიერი ნებართვა. სიტყვიერი ბრძანებები გაიცა სპეცსაშუალებების გამოყენებისგან თავის შეკავებაზე და გაზის გამოყენებაზე… თუმცა რეზინის ტყვიების შემთხვევაში მისი განმარტება უფრო ზოგადი და ბუნდოვანია.

კერძოდ, მინისტრმა თქვა:

  • „როდესაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი (გდდ) ტოვებს თავის ლოკაციას, იქმნება მინისტრის, მინისტრის მოადგილის და კურატორი მოადგილის სპეციალური გეგმა… რაც, რა თქმა უნდა, ჩემს მიერ იყო ხელმოწერილი“;
  • „ხელი მოვაწერე იმ დღეს, როდესაც გდდ-მა დატოვა თავისი ლოკაცია- ეს იქნებოდა დაახლოებით (ღამის) 12-დან 1 საათამდე“;
  • „რომელშიც (გეგმაში) დეტალურად არის აღწერილი ყველა საპოლიციო ძალის მოქმედების გეგმა – ვინ, სად, როდის, რა ფუნქციებით, რა მოვალეობით და რა ლოკაციებზე – რა სპეციალური საშუალებებით და რა პასუხისმგებლობებით“;
  • „ამ აქციაზე 10 საათიდან დაახლოებით 2,5 საათი ჩემი კონკრეტული ბრძანებით არცერთ პოლიციელს არანაირი სპეციალური საშუალება არ გამოუყენებია”… “ეს უკვე ხდება სიტყვიერად“;
  • „მათ ჰქონდათ ერთადერთი ბრძანება – მხოლოდ და მხოლოდ ცოცხალი ჯაჭვით დაეცვათ პარლამენტის შენობა და დაეცვათ ხალხის ჯანმრთელობა“;
  • „შეიძლება განკარგულება და ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე გასაცემი იყო ცოტა უფრო ადრე“;
  • “შეიძლება ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა… შეიძლება არ უნდა მიგვეყვანა იმ მდგომარეობამდე, როცა პოლიციელებს გასტაცეს 300-ზე მეტი ფარი და 30 პოლიციელი გაიტაცეს მასაში”;
  • “რატომ ვითმინეთ ამდენი? – ჩვენ იმედი გვქონდა, რომ მოწოდებების შედეგად ხალხის რაოდენობა შემცირდებოდა და მართლაც შემცირდა… 10 საათიდან 1-ის ნახევრამდე ადამიანების რაოდენობა რადიკალურად შეიცვალა და შემცირდა”…
  • “პირველი (სიტყვიერი) ბრძანება იყო​ გაზის გამოყენებაზე იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე უსაფრთხო”;
  • “არის პირდაპირი მითითება კანონში, რომ გაზის გამოყენება საჭიროებს მინისტრის განკარგულებას, ბრძანებას და არა წერილობითს”…
  • “წყლის ჭურვის გამოყენება საჭიროებს მინისტრთან შეთანხმებას; რეზინის ტყვიების გამოყენება გეგმის მიხედვით, ასევე საჭიროებს შეთანხმებას, თუმცა თუ ეს არის გადაუდებელი აუცილებლობა, თუ პოლიციელს აქვს განკარგულება, რომ გამოიყენოს ყველა სპეციალური საშუალება, შეუძლია, რომ გამოიყენოს… რაც მათ ჰქონდათ”
  • .გიორგი გახარია: რა თქვა და რა არ უთქვამს?

გიორგი გახარია ამბობს, რომ ყველა ბრძანება იმ ღამით მხოლოდ მის მიერ იყო გაცემული. თუმცა ინტერვიუს ერთ ნაწილში, როდესაც ჟურნალისტმა , ინგა გრიგოლიამ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძეც ახსენა და დასვა შეკითხვა ადამიანების დასისხლიანების შემდეგ აქციის დარბევის შეწყვეტის საჭიროებასთან დაკავშირებით, მინისტრმა გახარიამ არა ერთმნიშვნელოვანი პასუხი გასცა.

  • (ჟურნალისტი) „თქვენ საიდან ხედავდით ამ მოვლენებს? დავინახეთ, მაგალითად, რომ ანზორ ჩუბინიძე იქ იყო თეთრი პერანგით და ფარით… თქვენ საიდან ხედავდით ამ მოვლენებს? და როდესაც დაინახეთ დასისხლიანებული ახალგაზრდები სასწრაფოებში როგორ შეჰყავდათ, რატომ არ გაეცით ბრძანება, რომ ეს უკვე მოგერიება აღარ არის, რომ შეეშვით მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს?“

(მინისტრი) „მე რა ბრძანება გავეცი და (მე ამას არ ვიტყვი…) მიმდინარეობის პერიოდში რა მოხდა, რა თქმა უნდა, ამას გამოძიება დაადგენს უახლოეს პერიოდში…“

  • (ჟურნალისტი) „გაეცით თუ არა ბრძანება – გაეშვითო? ეს მნიშვნელოვანია“.

         (მინისტრი) „რა თქმა უნდა“…

  • (ჟურნალისტი) „თქვენ უთხარით, რომ: გეყოფათ, სისხლისღვრა უნდა შეწყდეს?“

        (მინისტრი) „რა თქმა უნდა… რა თქმა უნდა“.

სახელმწიფო გადატრიალება თუ მორიგი „საბურავების საქმე“

გიორგი გახარია ამბობს, რომ აღიკვეთა პარლამენტში შეჭრისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. მისი თქმით, სახელმწიფო გადატრიალება უკვე წლებია იგეგმება… მტკიცებულებად მინისტრმა დაასახელა ის ფაქტი, რომ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები იყვნენ შეკრებილი. გიორგი გახარიამ არ გასცა პასუხი შეკითხვაზე – რა მიზანი ამოძრავებდათ პარლამენტის შენობაში შეჭრის მსურველ პოლიტიკოსებსა და მათ მომხრეებს.

კერძოდ, მინისტრმა თქვა:

  • „ქვეყანაში, როგორც ფაქტი, გვქონდა სისტემური ძალის, ფიზიკური ძალის გამოყენებით პარლამენტში შეჭრის მცდელობა“ – „შესაბამისად, პოლიციამ ლეგიტიმურად გამოიყენა ძალა და პროპორციულად“;
  • „ამ მცდელობას ჰქონდა დაგეგმილი, პოლიტიკური მიზანი“;
  • „ოპოზიციამ 2 თუ 3 თვით ადრე იცოდა ამ ღონისძიების (საუბარია მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის თბილისში ჩატარებაზე) შესახებ – ძალიან კარგად იცოდნენ ვინ ჩამოდიოდა, როდის და რა მიზნით… და ხმა არ ამოუღიათ ამასთან დაკავშირებით წინა დღემდე“;
  • „რაც შეეხება გავრილოვის კონტექსტს, ეს თემა (20 ივნისს) საღამოს 6 თუ 7 საათზე ამოწურული იყო – ეს ღონისძიება იყო შეწყვეტილი, გავრილოვი იჯდა თვითმფრინავში და მიფრინავდა, არ ვიცი სად“;
  • „ეს ემოციები, ახალგაზრდებისა თუ ძველგაზრდების, პოლიტიკურ კონტექსტში იყო გამოყენებული პირდაპირ“;
  • „გავრილოვის ნებისმიერი სახის ქმედება აძლევს ვინმეს ლეგიტიმაციას, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყოს?“
  • „ამ შტურმს პარლამენტის შიგნით, სხდომათა დარბაზში ელოდებოდა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტივი“;
  • „სახელმწიფო გადატრიალება წლები იგეგმებოდა“;
  • „(სახელმწიფო გადატრიალება) აღკვეთილ იქნა… რა არ იქნა აღკვეთილი?! თუ ვინმემ შეუშვა ვინმე პარლამენტში?“
  • „რა მიზანი შეიძლებოდა ჰქონოდათ პოლიტიკურ ლიდერებს, ფიზიკური დაპირისპირების პირობებში, მოქალაქეებისთვის, მათი ემოციების გამოყენებით მოეწოდებინათ – ჩვენ აქ არ უნდა ვიდგეთ, ჩვენ უნდა ვიყოთ პარლამენტში… რა მიზანი შეიძლება ჰქონოდა ან რა გაგრძელება?“
  • „უშუალოდ ვხედავდი ზოგიერთი პოლიტიკოსი როგორ ლიდერობდა და ხელმძღვანელობდა ამ შტურმს. უშუალოდ ვხედავდი ზემოდან და მარტო კი არ ვიყავი… ზოგიერთი ქვეყნის ელჩი იყო ჩემთან ერთად… და ზოგიერთი კიდევ… არ დავასახელებ, ამასაც გამოძიება დაადასტურებს, ვინ იყო იქ და რაში იღებდა მონაწილეობას“.

გიორგი გახარია ამბობს, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმის წარუმატებლად დასრულებამ შესაძლოა შეიწიროს მისი რეპუტაცია და ეს საქმეც „საბურავების საქმის“ მსგავსი გახდეს. თუმცა მინისტრი პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს დამნაშავეების დასასჯელად.

  • „პირადად გპირდებით, ეს ის შემთხვევაა, თუ ეს ყველაფერი ფაქტობრივად დადასტურდება, ამას ყველაფერს მივიყვანთ ბოლომდე, არავის არ შეეპაროს ეჭვი“;
  • „თუ ჩვენ ამ მტკიცებულებებს ვერ მოვიპოვებთ, ეს არ იქნება დადასტურებული, რა თქმა უნდა, ეს გახდება კიდევ ერთი „საბურავების საქმე“, რაც იქნება ჩემი რეპუტაციული და სისტემის რეპუტაციული ნგრევა“;
  • „მაშინ („საბურავების საქმეზე“) ვერაფერი ვერ გააკეთეს, ვერ მოამზადეს, ვერ შეაგროვეს შესაბამისი მტკიცებულებები და დარჩა ისე, როგორც დარჩა“;
  • „გპირდებით, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დადასტურების ან არდადასტურების შემთხვევაში მოვალ აქ (ინგა გრიგოლიასთან გადაცემაში) და ამ პასუხისმგებლობას ავიღებ“.

გიორგი გახარია ფიქრობს, რომ ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის მიერ მოპოვებული ვიდეომასალა ვერ დაამტკიცებს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ნიკანორ მელიას უდანაშაულობასა და ვერ გააქარწყლებს ვერსიას პარლამენტის შტურმის მყისიერი საფრთხის შესახებ, რამდენიმე წუთით ადრე ცრემლსადენი გაზის გაშვებამდე. საპირისპიროშია დარწმუნებული ადვოკატი კონდახიშვილი.

           მინისტრმა თქვა:

  • „ეს არის ერთი რაკურსი და თქვენ რომ შეხედოთ რამდენიმე კამერას – რა ხდებოდა პარლამენტის წინ პარალელურად იმ დროში, რომელიც ნიკანორ მელია მომიტინგეებს მიმართავდა და თემა დახურული იქნება“;
  • „როდესაც ბატონი ნიკანორ მელია ამას საუბრობს, რასაც აკეთებდა, ზუსტად იგივე მომენტში, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, სულ სხვა ფლანგებიდან პირდაპირი შტურმი მიმდინარეობდა პარლამენტის შენობაზე“.
                     გადატრიალების გამოძიება – 2 ვიდეო ნიკა მელიას საქმეშ
                      მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზი

 

გიორგი გახარიას თქმით, იმ ღამით დაგეგმილი მოლაპარაკებები ოპოზიციის ყოყმანის მიზეზით ჩაიშალა, რადგან ლიდერების ერთ ნაწილს კვლავ პარლამენტში შეჭრის იმედი ჰქონდა.

კერძოდ, მინისტრმა თქვა:

  • „რა თქმა უნდა, ასეთი მცდელობები იყო, რა თქმა უნდა ჩვენი მიზანი იყო ტემპერატურის დაწევა, ეს იყო ჩვენი პირდაპირი ინტერესი“
  • „მაგრამ ეს ყველაფერი იყო მოჩვენებითი, ეს ყველაფერი იყო რაღაც თამაშის ნაწილი“;
  • „ზუსტად ვიცით, ვინ, სად ლიდერების ამ ჯგუფიდან როგორ ამბობდა – იცით რა, რატომ უნდა შევიდეთ მოლაპარაკებებზე, როდესაც ჩვენები ასე ეფექტურად უტევენ, მოვიცადოთ, იქნებ მოვახერხოთ და შევიჭრათ…“
  • „მეორე ნაწილი ამბობდა – არ გვინდა, მოდით, მოლაპარაკებებზე დავჯდეთ… ესეც ძალიან კარგად ვიცით, ვინ როდის და რას ამბობდა“.

ოპოზიციის მტკიცებით კი, 20-21 ივნისის ღამით ხელისუფლებამ მათთან შეხვედრა ახსნა-განმარტებების გარეშე გადაიფიქრა და ლიდერები უკვე პარლამენტის კიბეებზე იდგნენ, გავლილი ჰქონდათ სამართალდამცველთა კორდონის პირველი მწკრივი და შესასვლელად ემზადებოდნენ, როდესაც ცრემლსადენი გაზის გაშვების ხმა გაიგეს.

comments