სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩვენ არ გვქონდა სამართლებრივი სახელმწიფო და ადგილი ჰქონდა ადამიანების მკვლელობას, ადამიანების სიცოცხლის ხელყოფას, საკუთრების ხელყოფას და ადამიანების წამებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის საქმეს, პრემიერის თქმით, არც ერთ ეპიზოდში სტრასბურგის სასამართლომ ხარვეზი არ დაადგინა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება უზენაესია და მას ყველა უნდა დაემორჩილოს.

„გუშინდელი დღე იყო კიდევ ერთი გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ფსევდოდემოკრატიულ ძალებთან, რომლებიც წლების განმავლობაში ამტკიცებენ, რომ მათი მთავარი მიზანი გახლავთ საქართველოს ევროპული გზა. კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ ეს ფარსია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ, როგორ ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“, ჩირქი მოსცხოს იმ მთავარ პრინციპებს და ფასეულობებს, რომელსაც ეფუძნება ევროპული დემოკრატია. აქედან გამომდინარე, მსურს, კიდევ ერთხელ მივმართო ყველა იმ ძალას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი  ევროპული არჩევანი და საქართველოში მყარი ევროპული სამართლებრივი სისტემის არსებობა, დააფიქსიროს თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. წინაღმდეგ შემთხვევაში, მათი პოზიცია ითარგმნება ძალიან მარტივად, რომ ადგილი აქვს შეტევას ჩვენს ევროპულ მისწრაფებებზე და იმ პრინციპებზე, რომელსაც ეფუძნება ევროპული დემოკრატია და ის ფასეულობები, რომლითაც ჩვენი საერთო სამშობლო უნდა ავაშენოთ. გუშინდელი დღე და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩვენ არ გვქონდა სამართლებრივი სახელმწიფო და ადგილი ჰქონდა ადამიანების მკვლელობას, ადამიანების სიცოცხლის ხელყოფას, საკუთრების ხელყოფას და ადამიანების წამებას. ეს არის მოცემულობა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი მედიაპლურალიზმს უფრთხილდება.

„რაც შეეხება საერთაშორისო საზოგადოებისა და ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებას, ჩახედეთ სტრასბურგის გადაწყვეტილების შინაარსს, სადაც ეს საკითხი ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირებულია. ჩვენ გუშინ სამწუხაროდ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ,  რაზე არიან ორიენტირებული ჩვენი უპასუხისმგებლო ოპონენტები – ისინი ორიენტირებულნი არიან ნებისმიერი ინფორმაციისა და ნებისმიერი ფაქტის არასწორ ინტერპრეტაციაზე, არასწორ შეფუთვაზე. ეს არის სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და თითოეულმა ჩვენგანმა მას პატივი უნდა ვცეთ. მედიაპლურალიზმი ჩვენი ძალიან დიდი მონაპოვარია, მას განსაკუთრებით ვუფრთხილდებით და ამ საქმეს ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევის, მედიაპლურალიზმის შესაძლო ზიანთან არანაირი კავშირი არ აქვს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ჟურნალისტების კითხვას „რუსთავი 2“-ის მფლობელისა და გენერალური დირექტორის ცვლილების მოკლე ვადაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით თქვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა კანონით დასჯადია და იუსტიციის სამინისტრომ განახორციელა ის პროცედურები, რომლებიც მას კანონით ევალებოდა

„ჩვენი ოპონენტების ე.წ არგუმენტი არის წმინდა წყლის დემაგოგია, ვინაიდან მას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. კერძო მესაკუთრემ ჩათვალა საჭიროდ ის, რაც ჩათვალა და იუსტიციის სამინისტრომ განახორციელა ის პროცედურები, რომელიც მას კანონით ევალებოდა. ეს არ იყო არჩევანი. ეს არის ვალდებულება და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

წულუკიანის თქმით, სახელმწიფოს გადასაწყვეტი არ არის, როდის უნდა აღსრულდეს გადაწყვეტილება და ახალ მესაკუთრეს აქვს გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება.

სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ს მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კი აცხადებს, რომ ის სტრასბურგის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

„რუსთავი 2“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 4 მუხლით დავობდა, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის გამო.

 

comments