პირველადი მოხმარების საგნებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე, ასევე ჰიგიენურ საშუალებებზე 2018 წლის ზაფხულთან შედარებით ფასები მინიმუმ 20%-ით გაზრდილია. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილ ნიშნულს ფაქტობრივად არ გადასცდენია, ფაქტია, რომ საქართველოში ოფიციალურ მაჩვენებელს ილუზიური ეფექტი აქვს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლარი 2.45-ის ნიშნულიდან 2.93-მდე გაუფასურდა და შედეგად მოსახლეობას ცხოვრებაც მკვეთრად გაუძვირდა. მიუხედავად ეროვნული ბანკისა და პოლიტიკოსების განცხადებებისა, რომ ლარის გაუფასურება არ იმოქმედებდა მოსახლეობაზე, რეალობა სულ სხვაგვარია. 80%-ზე მეტად იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში გაძვირება ყველაზე მეტად, ნავთობპროდუქტებს, მედიკამენტებს და პირველადი მოხმარების საგნებს შეეხო. ყველაზე სახიფათო კი ის არის, რომ გაძვირებულია ის პროდუქტებიც, რომელიც ადგილობრივი წარმოებისაა და მათ შორისაა სოფლის მეურნეობის პროდუქციაც.

მიუხედავად იმისა, რომ საქონლის ხორცი საკანონმდებლო რეგულაციას, რომლის მიხედვითაც მოზარდი პირუტყვის გაყვანა ქვეყნიდან იკრძალება, უნდა გაეიაფებინა, ფასმა ბოლო თვეების განმავლობაში საგრძნობლად მოიმატა. საქონლის ხორცი, თუ 2018 წლის ზაფხულში 14 ლარი ღირდა, დღეს მისი ღირებულება 17 ლარია. ეს ნიშნავს, რომ ხორცი 21%-ით გაძვირდა. იგივე შეიძლება ითქვას ღორის ხორცის ღირებულებაზე, რომლის ფასიც 11 ლარიდან 13 ლარამდე ავიდა და 18%-იანი ნახტომი აჩვენა.

მაღალი ფასებია სეზონურ აგროპროდუქტებზეც. თუკი შარშან 1 კგ პომიდვრის ფასი დაახლოებით 1 ლარს შეადგენდა, ამჟამად 1.50 ლარია და ერთი წლის განმავლობაში 50%-იანი გაძვირება სახეზეა. ერთი კილო საზამთრო შარშან თუ 35 თეთრი ღირდა, წელს 50 თეთრი ღირს და 42%-ითაა გაძვირებული. ბადრიჯნის ფასი კი აგრარულ ბაზრებში 60 თეთრიდან 1 ლარამდე გაიზარდა.

იმპორტირებული პროდუქტებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს შაქრის ღირებულება, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში 1.25 ლარიდან 1.70 ლარამდე გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ შარშან შაქრის ღირებულება მსოფლიო ბაზარზე ბევრად აღემატებოდა წლევანდელ ფასს, საქართველოში იგი მაინც 36%-ით გაძვირდა.

რასაკვირველია, ფასი მომატებულია მედიკამენტებზეც, მათ შორის ყველაზე მეტად შესამჩნევი, პირველადი მოხმარების წამლებია. წნევის მარეგულირებლები, გულის პრეპარატები და ა.შ. აქ გაძვირება მინიმუმ 30%-იანია.

მომატებულია სარეცხი და სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებების ფასიც, საერთო ჯამში 20-25%-ით.

წლის დასაწყისთან შედარებით, გაზრდილია საწვავის ღირებულებაც. არაბრენდირებულ ავტოსადგურებზე, თუ იანვარში 1 ლიტრი “რეგულარის” ფასი 1.95 თეთრი იყო, დღეს მისი ფასი 2.25-ს შეადგენს, რაც 18%-ით მეტია.

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე “ბიზნეს-რეზონანსთან” ამბობს, რომ ფასების ზრდა, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს შეეხო. რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს საქართველოში, მას უკვე ილუზიური ეფექტი აქვს.

“ინფლაცია საქართველოში ითვლება ისე, რომ მასში მოჭარბებული წილი აქვს ხანგრძლივი მოხმარების ელექტრონულ საქონელს, რომელიც საერთოდ არ არის პენსიონერთა კალათაში. რეალურად კი, თუ გადავხედავთ წამლებზე ფასების ზრდას და ასევე საკვებზე, დავინახავთ კატასტროფულ სურათს, რომელიც ოფიციალურ მაჩვენებელს რამდენჯერმე აღემატება და არა რამდენიმე პროცენტით. შესაბამისად, ჩვენი სტატისტიკა ინფლაციის შესახებ იტყუება.

იმისათვის, რომ ეს რეალობა დავინახოთ, ინფლაცია სხვადასხვა ფენისათვისაც უნდა ითვლებოდეს. დღეს, ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელს ერთგვარი ილიზიური ეფექტი აქვს და მნიშვნელოვნადაა აცდენილი ქვეყნის დიდი ნაწილის ყოველდღიურობას.

ფასების ზრდა ძირითადად, საკვებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ხდება. ინფლაციის მაჩვენებელში კი 400-მდე სხვადასხვა პროდუქტი და პროდუქციაა. მათ შორის, ისეთებიც რასთან შეხებაც არაერთ ფენას საერთოდ არ აქვს.

ჩვენი შიდა ბაზარი 70%-ზე მეტით იმპორტულ საქონელზეა დამოკიდებული, რაც პირდაპირ ფასზე ახდენს გავლენას. ერთია, მსოფლიო ბაზარზე როგორ ყალიბდება ფასები და, მეორე მხრივ, როგორია ვალუტის კურსი. შეიძლება უცხოურ ბაზრებზე საქონლის ღირებულება ეცემოდეს (როგორც მოხდა შარშან შაქარსა და ნავთობპროდუქტებზე), მაგრამ ლარი უფასურდებოდეს და პროდუქტი მაინც არ გაიაფდეს ან, პირიქით, გაძვირდეს კიდეც.

იმდენად ფასის მატება კი არ არის საშიში, არამედ ცალკეული კომპონენტების მიხედვით ასიმეტრიული ცვლილება. ახალგაზრდებისთვის შეიძლება ფასების მატება დაბალი ტემპით ხდებოდეს, მაგრამ პენსიონერებისთვის, რომლებსაც მედიკამენტები სჭირდებათ, ეს ტემპი გაცილებით მაღალია. საშუალო მაჩვენებელი ამ შემთხვევაში ბევრს არაფერს ამბობს, თუმცა მისი გამოყენება შეიძლება ტრენდის, განვითარებისა და ვექტორის დასადგენად“, – განაცხადა სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ.

ინფლაციის მატემა მეტადაა მოსალოდნელი – ამბობს ,,ბიზნეს-რეზონანსთან” ეკონომისტი ავთანდილ სილაგაძე. აკადემიკოსის თქმით, დიდი ხანია რეალური ინფლაცია მიზნობრივს გადასცდა და მოსახლეობის დიდი ნაწილზე ეს უარყოფითად ასახულია.

“ფასების მატება კიდევ მეტადაა მოსალოდნელი. ამ ეტაპზე კი იმდენად ხელშესახებია ზრდა, რომ ამას არ სჭირდება ციფრები და სტატისტიკა. თვიდან თვემდე დახლებზე, ბენზინგასამართ სადგურებსა და აფთიაქებში სხვა ფასი გვხვდება. იმპორტდამოკიდებული ქვეყნისათვის კი იმ მასშტაბის გაუფასურება, რაც ბოლო ორი თვეა მიმდინარეობს, ნელ-ნელა ჰპოვებს ასახვას, განსაკუთრებით კი დაბალშემოსავლიან ფენებზე, რომელთა მიმართაც წნეხიც გაიზრდება. ისინი კი ქვეყნის დიდი უმრავლესობა არიან.

დოლარში ნაყიდი საქონელი რომ უფრო მეტ ლარად გაიყიდება, ეს ორჯერ ორია. რეალურად ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დიდი ხანია გადასცდა და ეს უნდა ვაღიაროთ”, – აცხადებს აკადემიკოსი.

სურსათზე და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასი რომ გაზრდილი იყო, დაადასტურა სტატისტიკის ეროვნულმა დეპარტამენტმაც, ოღონდ მიზერული მაჩვენებლით. “საქსტატში” აცხადებენ, რომ სურსათზე ფასი გაზრდილია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 4.3%-ით. ძირითადი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ეროვნული ვალუტის დევალვაცია.

თამარ მუკბანიანი

„რეზონანსი“

comments