:მომღერალი მარიამ როინიშვილი აგვისტოს ომს იხსენებს. „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ის აღნიშნავს, რომ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ პროტესტს მანამ გააგრძელებს, სანამ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია არ დასრულდება.

მარიამ როინიშვილი: – 2008 წლის ომი ეს არის უდიდესი ტკივილი სრულიად საქართველოსი და აქ არც მე ვარ გამონაკლისი. მაშინ საქართველომ კიდევ ერთხელ გაიღო სისხლი ტერიტორიული მთლიანობის და თავისუფლებისთვის. ამაყი ვარ, რომ ანწუხელიძის, ტატუნაშვილის და სხვა ქართველი გმირების თანამედროვე ვარ. დიდება მათ სულებს. სამწუხაროდ, საქართველოს ოკუპაცია გრძელდება და ჩემი პროტესტიც გაგრძელდება მანამ, სანამ არ დასრულდება რუსული ოკუპაცია. არა ოკუპაციას!

საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 11 წლის წინ, 9 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა.

2008 წლის ნოემბრამდე სამხედრო მოსამსახურე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა.

მოგვიანებით, ცხინვალიდან გადმოსვენებული ათი ქართველის ცხედრისათვის ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო.

გიორგი ანწუხელიძე წამებით მოკლეს. გარდაცვალების შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

პრაიმტაიმი

 

comments