„დღეს, ნიუ-იორკში, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხიც განიხილება, – ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა, კახა იმნაძემ განუცხადა.

საბჭოს სხდომა, ტრადიციულად დახურულ კარს მიღმა გაიმართება. სხდომის დასრულების შემდეგ კი მედიასთან კომენტარს სხდომის თავმჯდომარე ქვეყანა – პოლონეთი – გააკეთებს.

7 აგვისტოს კი, ნიუ-იორკში, გაეროს სათავო ოფისში, საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენელი ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს შეხვდა და აგვისტოს ომის შესახებ ისაუბრა. შეხვედრაზე, კახა იმნაძემ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უგულებელყოფას.

„რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს შესრულებული ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი მოწოდებებისა, კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას. სრულად უგულებელყოფს რა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის თაობაზე, მოსკოვი კიდევ უფრო აძლიერებს თავის უკანონო სამხედრო ყოფნას ადგილზე და ხელს უშლის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“, – განაცხადა კახა იმნაძემ.

შეხვედრაზე მყოფმა გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მთავრობის ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ამერიკის შეერთებული შტატების, ავსტრალიის, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის, ესტონეთის, თურქეთის, ირლანდიის, კანადის, ლიეტვუას, მოლდოვის, პოლონეთის, უკრაინისა და შვედეთის წარმომადგენლები. კახა იმნაძის ინფორმაციით, ისინი გმობენ რუსულ ოკუპაციას და რუსეთის ფედერაციას მოუწოდებენ, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და გაეროს წესდების პრინციპებს

comments