„ჩემი აზრი ამ საკითხზე ვთქვი, სანამ გავხდებოდი პრეზიდენტი, დღეს როგორც პრეზიდენტი ჩემი საქმე არ არის, რომ პოლიტიკურ შეფასებები გავაკეთო, თუნდაც, წინა ხელისუფლებაზე,” – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი აგვისტოს ომზე საუბრისას.

სალომე ზურაბიშვილი პრემიერთან ერთად ძმათა სასაფლაოზე მივიდა და პატივი მიაგო ომში დაღუპულთა ხსოვნას. მისი შეფასებით, ვინ დაიწყო ომი, ამის განხილვა მხოლოდ ქვეყნის შიდა საკითხია. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მოვა დრო, როცა შეიქმნება შიდა კომისია, სადაც ისტორიკოსები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები იმსჯელებენ.

ზურაბიშვილის აზრით, ის ვინც პროვოკაციულ კითხვებსა და ქმედებებზე მიდის, ქვეყნის მომავლის ისეთივე მტერია, როგორიც გარეშე “მტრები არიან”.

“მე შემიძლია, ვილაპარაკო იმაზე, რაც მე არ უნდა გავაკეთო, მაგრამ თუ ძალიან დაგვაინტერესა, ჩვენ არც ჰააგაში და არც არსად, ეს საკითხი არის ჩვენი შიდა საკითხი, რომელზედაც, ალბათ, მოვა დრო და შეიქმნება შიდაკომისია, დასხდებიან ისტორიკოსები და საზოგადოება იმსჯელებს.

ის, რაც გუშინ ვთქვი, ამ საკითხზე არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ომი თუ გახდა ჩვენი კიდევ ერთი დაყოფის, გახლეჩის საკითხი, მაშინ ამითი ხელს ვუწყობთ ყველა საქართველოს მტრებს, ვინც დღეს პროვოკაციულ კითხვებზე პროვოკაციულ ქმედებებზე მიდის, ის ქმნის ხვალინდელ ამ ქვეყნისთვის ყველაზე დიდი საფრთხეს გარე მტრებთან ერთად,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

comments