მამუკა ხაზარაძემ სასტუმრო „რუმსში“, ჟურნალისტებთან იმ წერილზე ისაუბრა, რომელიც მისი მტკიცებით, მას გიორგი გახარიამ მისწერა.

კითხვაზე: დასტურდება თუ არა, წერილზე გახარიას ხელწერა, ხაზარაძის თქმით, ამაზე ადვოკატი ისაუბრებს.

ხაზარაძემ იმედი გამოთქვა, რომ პროკურატურა ამასთან დაკავშირებით საქმეს აღძრავს და ძიებას დაიწყებს. მისივე თქმით, ეს წერილი მიუთითებს საქართველოში არსებულ მართვის მახინჯ ფორმაზე.

„ჩვენმა ადვოკატმა წერილის ექსპერტიზის პასუხი ჩამოიტანა. პირველი ექსპერტიზა საკმაოდ სერიოზული შედეგებით დამთავრდა, რასაც ადვოკატები იტყვიან. ასევე, გრძელდება სხვა ტიპის ექსპერტიზა და შესაბამისად, იმედია, რომ პროკურატურაში საქმე აღიძვრება. მათ საფუძველი ჰქონდათ, რომ ეს საქმე თებერვალში აღეძრათ, რაც არ გააკეთეს. ჩათვალეს, რომ ეს იყო ვიღაცის მიერ დაწერილი სახუმარო წერილი. ვფიქრობ, ეს სერიოზული წერილია, რომელიც მიუთითებს, რამდენად მახინჯი და კრიმინალური აზროვნების სტრუქტურებთან და თანამდებობის პირებთან გვაქვს საქმე ამ სახელმწიფოში. ჩვენ ამას გამოვავლენთ და საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილი გახდება. ეს არის ქვეყნის მართვის მახინჯი ფორმა, რომელიც უნდა შეიცვალოს“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის, 4 მარტს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენის დროს, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ მან შს მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო.

 

comments