საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხატია მოისწრაფიშვილის პრესსპიკერის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე დამატებით განმარტებას აკეთებენ და აცხადებენ, რომ პრესსპიკერმა საჯარო სივრცეში პირადი განწყობებისგან თავი უნდა შეიკავოს.

მათივე ცნობით, ხატია მოისწრაფიშვილი სიტყვიერად უფლებამოსილების შეჩერების შესახებ 4 სექტემბერს გააფრთხილეს. ხოლო დღეს, 10 სექტემბერს გაეგზავნა შეტყობინება ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

“მის მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებული პირადი განცხადება ეწინააღმდეგება პრესსპიკერის პროფესიულ მოვალეობასა და სტანდარტებს. პრესსპიკერის თანამდებობა მკაცრად მოითხოვს, რომ მის მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული ყოველი განცხადება გამოხატავდეს მხოლოდ პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის პოზიციებს. შესაბამისად, პრეზიდენტის პრესსპიკერს მოეთხოვება პირადი განწყობების საჯარო სივრცეში გამოხატვისგან სრულად თავშეკავება”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

აქვე ნათქვამია, რომ ხატია მოისწრაფიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მუშაობის პრესსამსახურში გაგრძელების ოფიციალური შეთავაზება მიიღო.

ხატია მოისწრაფიშვილის მიერ 8 სექტემბერს მედიისთვის მიცემული კომენტარების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ახალ ვერსიაზე დაიწყეს საუბარი. თუკი დღის დასაწყისში პრეზიდენტის მრჩეველი On.ge-სთან საუბრისას ამბობდა, რომ მოისწრაფიშვილი აღარ იქნება პრესსპიკერი, დღის ბოლოს ითქვა, რომ მას “ბიულეტენზე ყოფნის გამო უფლებამოსილება შეჩერებული აქვს”.

კითხვაზე, გადააყენეს თუ არა ის რუსთავი 2-დან გათავისუფლებული ნოდარ მელაძის მხარდამჭერი ფეისბუქპოსტის გამო, პასუხობენ, რომ ის რჩება პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტში.

9 სექტემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა ხატია მოისწრაფიშვილი პრესსპიკერის თანამდებობიდან გაათავისუფლა და კომუნიკაციების დეპარტამენტში გადაიყვანეს. მოისწრაფიშვილის თქმით, სხვა თანამდებობაზე გადაყვანა მასთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული. ის ბიულეტენიდან გასვლის შემდეგ სამსახურის დატოვებას გეგმავს.

on.ge

comments