ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი ვარაუდობს რომ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გამო ახალგორში მოსახლეობა მედიკამენტებისა და სურსათის გარეშე დარჩება.

ნუგზარ თინიკაშვილი „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ ახალგორში ვითარება უკიდურესად მძიმეა.

„ახალგორში ვითარება დაძაბულია, მოსახლეობა ძალიან მძიმე მდგომარეობაში, პრაქტიკულად ტყვეობაში არიან, რადგან საზღვარი გაურკვეველი ვადით არის ჩაკეტილი.

რუსმა მესაზღვრეებმა თავდაპირველად გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საზღვარი გაურკვეველი ვადით დაიკეტებოდა მოგვიანებით კი თქვეს, რომ დაიკეტებოდა ორი დღით, შესაბამისად მოსახლეობა იყო გაურკვევლობაში. თუ დიდი ხნის განმავლობაში არ გაიხსნება ე.წ. საზღვარი უფრო გამწვავდება მედიკამენტებისა და სურსათთან დაკავშირებული პრობლემები“,-ამბობს ნუგზარ თინიკაშვილი.

ახალგორის გამგებლის თქმით ე.წ. საზღვრის მიღმა რამდენიმე მძიმე პაციენტი რჩება, რომლებიც სრულყოფილ სამედიცინო დახმარებას ვერ ღებულობენ და მათი სიცოცხლე საფრთხეშია.

„იქ არიან ძალიან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ადამიანები რომლებსაც სჭირდებათ სასწრაფოდ დახმარება. ერთი ქალბატონი ჩამოიყვანეს ახალგორის საავადმყოფოში, შემდეგ მდგომარეობა დამძიმდა და ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ახლა რეანიმაციაში. იქ არ არსებობს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა. მისი გადმოყვანისთვის საჭიროა ცხინვალის ე.წ ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვა რომელსაც არ იძლევიან. ამ ადამიანის სიცოცხლე არის საფრთხეში. კიდევ ერთი ქალბატონი ძალიან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით არის ახალგორის საავადმყოფო“,- ამბობს ნუგზარ თინიკაშვილი.

ახალგორის გამგებელი არ გამორიცხავს, რომ მოსახლეობას ე.წ საზღვრის გახსნის მოთხოვნით სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვისთვის მიემართა.

პრაიმტაიმი

comments