16 სექტემბერს რუსეთში სტარტა აიღო ხუთდღიანმა სამეთაურო-საშტაბო სწავლებამ სახელწოდებით „ცენტრი 2019“ , რომლის გაერთიანებულ სტრატეგიულ სარდლობას (JSC) შეუერთდებიან ასევე ჩინეთის, ინდოეთის, პაკისტანის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის სამხედრო წარმომადგენლები.

რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, წლევანდელი ხუთდღიანი სწავლება ყველაზე მასშტაბური იქნება და მასში მონაწილეობას მიიღებს 128 ათასი სამხედრო მოსამსახურე, 20 ათასი ერთეული შეიარაღება და ტექნიკა, 600 თვითმფრინავი და შვეულმფრენი და 15 საზღვაო ხომალდი.

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ცენტრი 2015“-ი, რომელშიც 95 ათასი ჯარისკაცი ღებულობდა მონაწილეობას, რუსულენოვანი ანალიტიკურ პორტალ „სამხედრო და სამრეწველო კურიერის“ თანახმად, ემსახურებოდა რუსეთის სამხედრო ძალის მომზადებას სირიის სამხედრო ოპერაციისთვის

2008 წლის შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო სამხედრო ძალების რეფორმირება, გაერთიანებულმა ცენტრალურმა სტრატეგიულმა სარდლობამ ორი სამხედრო-საშტაბო სწავლება ჩაატარა – 2011 და 2015 წლებში. რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თქმით, სწავლება არ არის მიმართული რომელიმე მესამე მხარის წინააღმდეგ და მხოლოდ „კონტრტერორისტულ“ საქმიანობაზეა ორიენტირებული.

„ცენტრი -2019“ უფრო მეტად წააგავს საერთაშორისო კონფლიქტისთვის მზადებას, ვიდრე კონტრტერორისტულ სწავლებას, რაც წინა წლებში გამართული ლამის ყველა სტრატეგიული სწავლების მთავარ ამოცანად იყო გამოცხადებული“, – წერს ანალიტიკური პორტალი „ჯეიმსთაუნ ფაუნდეიშენი“.

რადიო თავისუფლება

comments