NDI კვლევის შედეგებს ექსპერტი გია ხუხაშვილი „პრაიმტაიმთან“ აფასებს.

მისი შეფასებით, ხალხში დომინირებს სკეპტიკური, ნიჰილისტური განწყობები და მომავლისადმი უნდობლობა.

„ხალხში დომინირებს სკეპტიკური, ნიჰილისტური განწყობები, მომავლისადმი უნდობლობა, ეს ერთი რაც გამოჩნდა და მეორე გახლავთ ის, რომ ნდობა არის ძალიან დაბალი საპენსიო რეფორმის მიმართ, ეს ტენდენციები სამწუხაროდ არსებობს ამ საზოგადოებაში“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას გია ხუხაშვილი.

მისივე თქმით, სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ.   „მთავარ პრობლემად მაინც რჩება უმუშევრობა და ასეთი მოცემულობა გვაქვს. მე პროცენტებისგან თავს შევიკავებ, თუმცა ტენდენციას დავეთანხმებოდი, რატომ, იმიტომ, რომ ერთის მხრივ ჩვენ ვხედავთ სამომხმარებლო კალათა ყოველდღიურად მძიმდება, ცხოვრება ძვირდება და შემოსავლების ინდექსაცია ფაქტიურად არ ხდება.   ასეთი ვითარება გვაქვს და ეს არის სამწუხარო რეალობა, ვერაფერს ვერ იზამ, დრამატიზებას არ დავიწყებდი, ტენდენციები უფრო არის დეგრადაციის მიმართულებით ვიდრე პრობლემების გამოსწორების და მომავლის იმედის შექმნისკენ“, – ამბობს ექსპერტი.

მისივე შეფასებით, ხელისუფლებას საერთოდ დღის წესრიგში არ აქვს ეს ამოცანები და საკუთარი ძალაუფლების გამყარებითაა დაკავებული.

„ხელისუფლებას საერთოდ თავის დღის წესრიგში ეს ამოცანები არა აქვს, უფრო საკუთარი ძალაუფლების გამყარებითაა დაკავებული ვიდრე სისტემური პრობლემების გადაწყვეტით და ამ კვლევაში ეს აისახა.   საერთო სურათი ამ კვლევაში მძიმეა, ამაზე მძიმე პერიოდებიც ყოფილა ამ ქვეყანაში, მაგრამ მთავარია მოლოდინები. 90-იან წლებში ბევრად უფრო მძიმე პერიოდები იყო და ადამიანებს ქონდათ იმედი მომავლის. ეს არის დღეს მთავარი პრობლემა რომ ეს იმედია აღარ არის“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

NDI-მ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით, გამოკითხულთა 49% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება.

პრაიმტაიმი

comments