დღეს 14:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის, მიხიელ კალანდიას საქმის განხილვა გაიმართება. „ჰოთნიუსი“ კალანდიას ადვოკატს, ზურაბ თოდუას ესაუბრა, რომელიც გამოძიების ახალ, სკანდალურ დეტალებზე გვიყვება. თოდუას განმარტებით, საქართველოს პროკურატურამ აშშ-ის ფედერალურ ბიუროს მიმართა შუამდგომლობისთვის, რათა კორპორაცია „ფეისბუქს“ აღედგინა ხორავას ქუჩის სკანდალში მონაწილე მოზარდების 1-ელ, 2 და 3 დეკემბრის წაშლილი მიმოწერა. ადვოკატის თქმით, „ფეისბუქმა“ უპრეცედენტო შემთხვევა დაუშვა, ეს მიმოწერა აღადგინა და ქართულ მხარეს გადმოსცა:

„ზოგმა მედიასაშუალებამ არასწორად გააგვრცელა ჩემი ნათქვმი, თითქოსდა მე მოვიპოვე ეს მტკიცებულება. არადა ვთქვი, თუ როგორ იქნა მოპოვებული მსგავსი დოკუმენტი. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც კორპორაცია „ფეისბუქმა“ ვინმეს ამგვარი ინფორმაცია მისცა. საქმე ისაა, რომ გამოძიების დაწყების დღიდან გამოძიებამ უნიათობა და დოყლაპიობა გამოიჩინა და არ ამოიღო ამ ბავშვებისგან სოციალური ქსელის მიმოწერები. ამ უნიათობამ საფუძველი მისცა დაზარალებულის უფლებამონაცვლეებს, ოპოზიციურ პარტიებს, პოლიტიკური ქულების დაგროვებით მოწადინებულ ადამიანებს, პრემიერ-მინისტრობა რომ უნდათ, რომ თურმე ეს გამოძიებამ არ გააკეთა იმიტომ, რომ მირზა სუბელიანმა უთხრა, არ გააკეთოთო და წაიშალა არაჩვეულებრივი კვალი სოციალური მიმოწერების, სადაც იყო ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ მოუწოდა მიხეილ კალანდიამ თავის მეგობრებს სოციალური ქსელით, შეიარაღებული დანებით, ხანჯლებით მისულიყვნენ სკოლასთან და შური ეძიათ და ვიღაც დაესაჯათ. ეს არის ოპოზიციონერების პოზიცია, თავდაპირველად ბრალდების მხარე ამას ნაწილობრივ იზიარებდა, მაგრამ მტკიცებულება რომ აღარ ჰქონდათ გ.ჯ-ს, გ-ბ.-ს საქმეებზე, ფაქტობრივად, დარჩა ჰაერში, მაგრამ ეს აზრი მუსირებს ყველგან.

ადვოკატ თოდუას თქმით, რამდენიმე ხნის წინ მმართველი პარტიის პარლამენტის წევრს ჰქონდა სერიოზული პრობლემა, სჭირდებოდა „ფეისბუქიდან“ ინფორმაცია, თუმცა სოციალურმა ქსელმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა: „რაც შეეხება, ამ საქმეს, ალბათ, რადგანაც ეს ამბები ასეთნაირად დატრიალდა, გამოძიებას მიუმართავს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტისთვის, ამ დეპარტამენტმა დაავალა გამოძიების ფედერალურ ბიუროს, (წარმოიდგინეთ, რა დონეზეა ურთიერთობა) და გამოძიების ფედერალური ბიუროს შუამდგომლობა ცუკერბერგმა დააკმაყოფილა, გადმოსცა საქართველოს. აღდგა წაშლილი მიმოწერა, ეს არის ჩატი, სადაც მონაწილეობს 33 ბავშვი, 1-2-3 დეკემბრის მიმოწერებია, სადაც არანაირი მსგავსი რამ კალანდიას მხრიდან არ იკვეთება. ერთმანეთში რასაც ლაპარაკობენ, ძალიან დიდი მასალაა, მე შევისწავლე ეს მტკიცებულება, საქმეს უკვე დაერთო.  ამ ეტაპზე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ,  მოსაზრება, რომ კალანდიამ შეიარაღებული მოსვლა მოუწოდა თავის მეგობრებს, არ დასტურდება. იქ საუბარია, რომ „ჩემს დეიდაშვილს შეექმნა რაღაც პრობლემა და შევიკრიბოთ სკოლასთან, რომ შევარიგოთ ბავშვები“ – დაახლოებით ასეთი ტექსტია იმ მიმოწერაში.“- აცხადებს კალანდიას ადვოკატი.

hotnews.ge

comments