საქართველოში 2018 წელს სუიციდის 389 და მცდელობის 477 ფაქტი მოხდა, ხოლო 2019 წლის 6 თვის განმავლობაში 219 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, 207-მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. ამ სტატისტისკი შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ.

მისი თქმით, „ფსიქიკური ჯანდაცვა ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური სფეროა საქართველოში და მიუხედავად იმისა, სახელმწიფომ აღიარა, რომ უნდა ჰქონდეს შემუშავებული სუიციდის პრევენციის პროგრამა, ჩვენს ქვეყანას ასეთი პროგრამა არ აქვს”,- განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ფსიქიკური პრობლემები ძალიან ხშირად ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედებითაა გამოწვეული.

„სამწუხაროდ, ფსიქიკური ჯანდაცვის საკითხები მხოლოდ მაშინ გვახსენდება, როდესაც გარკვეული შემთხვევები ძალიან ტრაგიკულად სრულდება, სხეულის დაზიანებით ან უფრო მძიმე შემთხვევებით. სამწუხაროდ, საქართველოში გვაქვს ე.წ.სტაციონარული ხანგრძლივი მკურნალობისთვის განკუთვნილი სერვისები, სადაც პაციენტები ცხოვრობენ მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მათ არ აქვთ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საკმარისი უნარ-ჩვევები, ვერ ტოვებენ აღნიშნულ დაწესებულებებს და ოჯახიც უარს აცხადებს მათ მიღებაზე. გარდა ამისა, ძალიან პრობლემატურია ფსიქიკური და ჯანდაცვითი პრობლემების იდენტიფიცირება ადრეულ ეტაპზე და მათი მკურნალობა. ჰოსპიტალიზაციის შემდეგ მკურნალობაში შარშან პაციენტთა მხოლოდ 37% ჩაერთო. ეს არის ის დარგი, რომელსაც ნაკლები ყურადღება ეთმობა სახელმწიფოს მხრიდან“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე შეფასებით, სახელმწიფოში არ არსებობს გამართული კოორდინაცია ნარკოლოგიურ ან ფსიქიატრიულ დაწესებულებებს შორის.

10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება.

 

comments