როგორც გასულ კვირას გითხარით, „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო და თან ისე დაიწყო, რომ საქმეში ბიძინა ივანიშვილიც არის ჩართული. თავად განსაჯეთ, ოფიციალურად არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი, მაგრამ ივანიშვილი პრაქტიკულად კარდაკარ დადის და პირადად ამოწმებს, რამდენად რეალურია ის მონაცემები და მდგომარეობა, რომელსაც მას აწვდიან. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ნაადრევი გააქტიურება კიდევ უფრო აძლიერებს იმ ეჭვს, რომ არჩევნები მომავალი წლის გაზაფხულზე გაიმართება და ეს იქნება ოპოზიციისთვის ყველაზე დიდი და უსიამოვნო სიურპრიზი. მართალია, ოპოზიციას აქვს ეჭვი, რომ მმართველმა გუნდმა, შესაძლოა, მართლაც გაზაფხულზე დანიშნოს არჩევნები, მაგრამ ამის ბოლომდე არ სჯერა, ან არ სურს დაიჯეროს. ჯერ ერთი, ოპოზიციას არ აქვს იმის რესურსი, რომ ივანიშვილივით გასვლითი მასშტაბური შეხვედრები ჩაატაროს და ეს რომც მოახერხოს, გაზაფხულზე არჩევნები თუ არ იქნება, დროც და რესურსიც წყალში გადაყრილი აღმოჩნდება, რადგან რამდენიმე თვის შემდეგ აქტივს აუცილებლად დაავიწყდება ეს ყველაფერი.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრებს, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, ყველა ბედნიერი და კმაყოფილია, ყველა იღიმის, რეალურად კი…

„არავის ეგონა, რომ ივანიშვილი ამას გააკეთებდა და ყველა რეგიონს მოივლიდა. ამიტომ, პარტიის ლიდერები თავისუფლად მოქმედებდნენ და ახლა იძულებულნი არიან, ბატონ ბიძინას თან ახლდნენ და მისი თანდასწრებით მოისმინონ ის პრეტენზიები, რომლებიც აქტივს სწორედ მათთან აქვთ. ამას გარდა, საინტერესოა ის უამრავი წერილიც, რომელსაც ივანიშვილს აძლევენ და მისი დაცვა აგროვებს. „ოცნების“ ლიდერებს ყველაზე მეტად სწორედ ეს არ მოსწონთ და დარწმუნებულები არიან, რომ მათი ცოდვა-მადლი სწორედ ამ წერილებით აიწონება“, – გვეუბნება მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც არც იმას მალავს, რომ შეხვედრების დროს, ივანიშვილი არც თუ იშვიათად, ლიდერებს იმას წამოაძახებს ხოლმე, როგორ “კრიშავენ” ბიზნესებს, როგორ აკრიტიკებენ (რბილად ნათქვამი) ზურგს უკან ივანიშვილს და ამ ყველაფერს სიცილით ყვება, ადრესატები კი ოფლში იწურებიან.

თუმცა, ივანიშვილის მთავარი საზრუნავი მხოლოდ პარტიის აქტივთან შეხვედრა არ არის. რამდენი ხანი გავიდა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხელმძღვანელის გარეშეა. საქმე ის გახლავთ, რომ ივანიშვილი არჩევანს ვერ აკეთებს, უფრო კონკრეტულად კი, იმას ელოდება, რას იზამს პარლამენტი მოსამართლეებთან დაკავშირებით და თუ მისი გეგმის მიხედვით, თადუმაძე სასამართლოში გადაინაცვლებს, მაშინ ყველაფერი მარტივად დალაგდება. მოსამართლეებს ყველაზე მძიმე დღეები სწორედ ამ კვირაში ელით, რადგან მოსმენები ისევ გაგრძელდება და როგორც გვეუბნებიან, ოპოზიცია პერფომანსებისა და ფლეშმობების დადგმას პირდაპირ მოსმენების დროს აპირებს. იმასაც გვეუბნებიან, რომ ეკა ბესელიას მოქნეული ხელი მონაგონი იქნება იმასთან, რაც ახლა მოხდებაო და დაველოდოთ, ეგებ რომელიმე დეპუტატმა ისეთი ილეთები გვიჩვენოს, ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვოს. რაც არ უნდა იყოს, მსოფლიოსთვის 2019 ოლიმპიური ლიცენზიების წელია, ჩვენი დეპუტატებისთვის – მომავალი მანდატების მოპოვების წელი და საამისოდ, არც ხელის ქნევას მოერიდება ვინმე და არც ფეხის, თუმცა…

ივანიშვილის უახლოესი გარემოცვა აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს იმ ქართველებთან, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ და კონკრეტულ სფეროებში წარმატებულები არიან. მათ დეპუტატის მანდატის გარდა, საპარლამენტო თანამდებობასაც ჰპირდებიან, ანუ ივანიშვილს პარლამენტში ძირითადად ახალი სახეები და სახელები სურს, რადგან ამომრჩეველმა ნდობა ამჯერად ახალ შემადგენლობას გამოუცხადოს, თორემ არსებული პოლიტიკური ფონის მიუხედავად, მოსახლეობა, შესაძლოა, გაბრაზებული მივიდეს არჩევნებზე და ის გააკეთოს, რაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ქნა. მართალია, არსებობს საფრთხე, რომ უცხოეთში ნაცხოვრები ადამიანები დამოუკიდებლები იქნებიან, მაგრამ „ოცნება“ პარლამენტში ე.წ. „ღია სიას“ წარადგენს, ანუ პარტიის გადაწყვეტილებით, ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი ნებისმიერ პარლამენტარს ხელი უფლებამოსილება შეუჩერონ და მის ნაცვლად სიიდან სხვა ამოწიონ. ეგ კი არა და, დაზუსტებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ „ოცნება“ წინასაარჩევნოდ 150 კაცის ნაცვლად, 200 კაციან სიას წარადგენს, რათა დიდი არჩევანი ჰქონდეს.

წეღან ვახტანგ გომელაურის შემცვლელი ვახსენეთ და იმის მიუხედავად, რომ ყველა დარწმუნებულია, სუს-ის პირველი კაცი გრიგოლ ლილუაშვილი გახდება, ივანიშვილი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. ლილუაშვილს გომელაური ენდობა, გომელაურს – ბატონი ბიძინა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. თავად ივანიშვილმა არაერთხელ დააფიქსირა, სუს-ის უფროსად ანზორ ჩუბინიძის ხილვა რომ სურს, მაგრამ სამსახურის გამოცვლა თურმე არც ჩუბინიძეს უნდა და არც იმ გარემოცვას, რომელიც ივანიშვილს გარს ახვევია. მათ ლილუაშვილი ურჩევნიათ, რადგან ჩუბინიძეს უბრალოდ ვერ დაელაპარაკებიან, რადგან ის თავად არ დაელაპარაკება და ერთადერთი, ვისთანაც გადაწყვეტილებებს შეათანხმებს, ივანიშვილი იქნება.

„მსოფლიო ისტორიაში ვერ ნახავთ ფაქტს, რომ სახელმწიფო ყველაზე მნიშვნელოვანი სამსახურის ხელმძღვანელის გარეშე ამდენი ხნის განმავლობაში იყოს. ამერიკაშიც კი, კანონით 24-საათიანი ვადაა, „ფე ბე ერის“ შეფი რომ შეიცვალოს, ჩვენთან კი კვირები გადის და სამსახური პრაქტიკულად ინერციით მუშაობს. არავინ იცის, ვინ იქნება ახალი შეფი და შესაბამისად, არავინ იცის, როგორ მოიქცეს“,-გვეუბნება „ოცნების“ მაღალჩინოსანი.

ახლა კი ყველაზე მთავარი. საარჩევნო სიაში ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი თავისი კვოტის ჩასმას აპირებს. რამდენიმე კაცის გაყვანა სურს კიდევ არა ერთ დაჯგუფებას, თავის ხალხი უნდა გახარიას,  სიის პირველი ნომერად და პარლამენტის მომავალი თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი მოიაზრება, შესაბამისად, თუ ივანიშვილი ფსონს მასზე დადებს, ღარიბაშვილმა ბევრი რამ უნდა გადაწყვიტესო,რაც არც ისე ადვილი იქნება.

დიდ პოლიტიკაში დაბრუნებას ცდილობს კახი კალაძე. დიახ, დიდ პოლიტიკაში, რადგან ის ისე გაერთო თბილისის მერობით, რომ ვერც კი მიხვდა, როგორ შემოეცალა გუნდი, როგორ გადაიბირეს მისი მომხრეები პარლამენტში სხვებმა და ახლა, ვინც შერჩა, სურს რომ ისინი მომავალ პარლამენტში ისევ იხილოს. საუბარია იმ სპორტსმენებზე, რომლებიც დღეს პარლამენტში მრავლად არიან, რომლებსაც პოლიტიკური თანამდებობებიც აქვთ და რა თქმა უნდა, მომავალ პარლამენტშიც სურთ ადგილი. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მაგალითად ლევან კობიაშვილი პარალელურად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია და როგორც ამბობენ, საარჩევნოდ მთელ საფეხბურთო სამყაროს „მოხოდავს“ (აშკარად გაუჭირდება). ექსკლუზიურად და გადაჭრით შეგვიძლია იმის თქმა, რომ კიდევ ერთი პარლამენტარი, ყოფილი მორაგბე, ირაკლი აბუსერიძე წელს გასამართ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს კანდიდატურის დაყენებას (ეს ინფორმაცია აბუსერიძის უახლოესმა გარემოცვამ უკვე დაგვიდასტურა) და რა თქმა უნდა, მორაგბეებისა და ფეხბურთელების მხარდაჭერა მმართველი გუნდისთვის უდიდესი პლუსი, ხოლო კალაძის გუნდისთვის კარგი სავაჭრო თემა იქნება. სხვა საქმეა, რამდენად დააჯერებს კალაძე ივანიშვილს, რომ მორაგბეებისა თუ ფეხბურთელების რამდენიმე ათასიანი არმია სწორედ „ოცნების“ მხარეს იქნება. ცალკე თემაა საჭიდაო სამყარო (რომელიც მართლა „საჭიდაოა“) და როგორც გვეუბნებიან, ივანიშვილის მიერ დაწყებულ გასვლით შეხვედრებზე, კალაძე ძირითადად ამ თემაზე საუბრობს და „საქმეში დაბრუნება“ სურს. ეს მაშინ, როცა ტაქსისტების ამბავმა დედაქალაქის მერის ავტორიტეტი საგრძნობლად შეარყია და უახლოეს მომავალში მას რეგიონებიდან შემოსული სამარშრუტო ტაქსების თემაც აუცილებლად დაემატება. როგორც ადრე გითხარით, საუბარია იმაზე, რომ დედაქალაქში მოძრაობის განტვირთვის მიზნით, რეგიონებიდან (მათ შორის რუსთავიდან) წამოსულ სამარშრუტო ტაქსებს დედაქალაქში გადაადგილება აეკრძალოთ და აღმოსავლეთიდან წამოსულებისთვის ბოლო გაჩერება ფონიჭალა (საუკეთესო შემთხვევაში ორთაჭალა) და ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორია იყოს, ხოლო დასავლეთიდან წამოსული „მარშრუტკები“ დიღომში (საუკეთესო შემთხვევაში კვლავ დიდუბეში) გაჩერდნენ. ჰოდა, ამდენი „რყევების“ შემდეგ, რამდენად ენდომება ივანიშვილს, რომ ფსონი კალაძის კადრებზე გააკეთოს, ძნელი სათქმელია.

 

 

 

comments