„Freedom house-ის ანგარიშში ჩემი გვარი წერია პირდაპირ, პირდაპირ წერია, რომ მორალური ტერორი უკავშირდებოდა პოლიტიკურ საქმიანობას“,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამდენი ხანი გავიდა და ხელისუფლებამ ვერ დაადგინა პირველწყარო.

„ეს რომ ანაგრიშში მოხვდა, არ არის გასაკვირი, რადგან ეს ერთ-ერთი მძიმე ინდიკატორია, რომელიც ქვეყანას მოცემულ ვითარებაში დემოკრატიის კუთხით ზომავს და ძალიან ცუდად ახასიათებს. ამდენი თვე გავიდა , მე-11 თვე დაიწყო და დღემდე გამოძიებამ ვერ იპოვა პირველწყარო და ჩამდენი და არა მე-3 და მე-4 პირი. დღემდე რომ ვერ გამოიძიეს, ვინ ჩაიდინა და რატომ ეს დანაშაული, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, 24 სექტემბერს ეკა ბესელიამ განცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ადამიანებზე ზეწოლა და შანტაჟი ახლაც ხდება და მისთვის რამდენიმე მსგავსი შემთხვევის შესახებ არის ცნობილი.

2019 წლის 23 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პასუხისგებაში მისცა კაცი, რომელმაც უწყების განცხადებით, ერთ-ერთი დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საჯარო სივრცეში პირველმა ატვირთა და გაავრცელა. ამ საკითხზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რომ დადგინდეს აღნიშნულ დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების ვინაობა. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით დაკავებულია და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულია 19 ადამიანი.

primetime.ge

comments