ბიზნესმენისა და რაინდის ლევან ვასაძის მხარდამჭერი, კოტე მორგოშია  ქართულ-შვედური ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერის ჩაშლის გეგმას სრულად არ ამხელს და ამბობს, რომ  პროტესტის ფორმა სიტუაციის მიხედვით შეირჩევა.

მორგოშია არც შეხლა-შემოხლას გამორიცხავს.

“გაპროტესტების ფორმა გვექნება, რასაც სიტუაცია მოიტანს, ჩაფიქრებული რაც გვაქვს, აქ ვერ გავშლით. პირდაპირ გეუბნებით, ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს უზნეობა არ დავუშვათ. ჩვენი მიზანია, რომ ეს არ შედგეს. ასეთი პრეცედენტი “სუხიშვილებში” არ ყოფილა და ამიტომაცაა ჩვენი სიამაყე და ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი. ეს ბლოკირება იქნება. პოლიციასთან ერთად, შეხლა-შემოხლა იქნება მეტნაკლებად… ჩვენ ახლა ცემა-ტყეპას არ ვაპირებთ მით უმეტეს ძალოვნების,”- განაცხადა მორგოშიამ.

მორგოშია ლგბტ+ თემის მხარდამჭერი ორგანიზაციების კანონით აკრძალვას ითხოვს და მათ სექსუალურ პროპაგანდაში ადანაშაულებს.

“ესენი საერთოდ უნდა აიკრძალოს, დასასჯელია ეს ხალხი უმკაცრესად. ჩვენ საკანონმდებლო დონეზე ამას მოვამზადებთ, რომ ნებისმიერი სექსუალური პროპაგანდის წინააღმდეგ იყოს კანონი მიღებული. ჰეტეროსექსუალი იქნება, ლესბოსელი თუ ნებისმიერი სხვა,”- აღნიშნა მორგოშიამ.

შეგახსენებთ, რომ ოსკარზე წარდგენილი ქართულ-შვედური ფილმის – “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში დღეს უნდა გაიმართოს. ფილმის შინაარსი, რომლის ჩვენებაც ჯერ არ შემდგარა გარკვეულმა ჯგუფებმა უკვე გააპროტესტეს.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე,  ფილმის – “და ჩვენ ვიცეკვეთ” კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგება და მხარდამჭერებთან ერთად პრემიერის ჩაშლას გეგმავს.

ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც”. გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, ფილმის ჩვენება, ნებისმიერი ძალისხმევის ხარჯზე ჩაიშლება. მასშტაბური პროტესტისთვის ემზადება “ქართული მარშიც”.

საპატრიარქო ფილმის საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა ამავდროულად ემიჯნება ძალადობას.

შესაძლო ძალადობის ფაქტს, სახალხო დამცველი და არასამთავრობო სექტორი გამოეხმაურა და სამართალდამცავ ორგანოებს დროული რეაგირებისაკენ მოუწოდა.

განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც და საზოგადოებას კანონის დაცვა შეახსენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია საკუთარი მანდატის ფარგლებში იმოქმედებს. სამინისტრომ განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

ფილმის პრემიერა თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს, 20:00 საათზე დაიწყება.

comments