მარტვილის რაიონის სოფელ დიდ ჭყონში, 23 წლის ბაჩანა გაგუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. „ორი დღეა ეძებდნენ და ბოლოს მის ოთახში იპოვეს ჩამომხრჩვალი“.

სოფელში უკვე ჰყვებიან იმის შესახებ, რომ თვითმკვლელობის მიზეზი აზარტული თამაშების გამო აღებული ვალი იყო.

მოთამაშე ადამიანის ფსიქოტიპის შესაცნობად  ერთ-ერთი კაზინოს დილერის ინტერვიუს გთავაზობთ.

ამას წინათ, როგორც ერთ-ერთი კაზინოს დილერმა მითხრა, ბევრი ადამიანისთვის კაზინოში სიარული სამსახურივითაა – ყოველდღე მიდის და თამაშობს.

– კაზინოში ფულს ძალა არა აქვს. 50 დოლარი კაზინოს გარეთ ფულია, კაზინოში კი არაფერი. თანაც, კლიენტი არ თამაშობს ფულით, თამაშობს ფიშკებით და მას ფულად ვერც აღიქვამს… წარმოიდგინეთ, რამდენი გაუბედურებული ადამიანი მინახავს და ამის მიუხედავად, მეც ვთამაშობდი. ახლა კაზინოს თანამშრომლებს აღარ გვაქვს თამაშის უფლება. ჩვენი სია ყველა კაზინოს აქვს და პირადობას რომ წარადგენ, გამოჩნდება, რომ თანამშრომელი ხარ. დილერების უმეტესობა მაინც თამაშობს ონლაინკაზინოში. მეც წამძლია სულმა, მაშინ არ გვქონდა აკრძალული თამაში და დავიწყე სიარული სხვა კაზინოში. ფულს ვაგებდი და მაინც ვთამაშობდი, თან ვიცოდი, რომ ვერასოდეს მოვუგებდი კაზინოს. ერთხელ კაზინოდან დილით გამოვედი, სამგზავრო ფულიც არ მქონდა და შინ ფეხით წავედი. არადა, 2 ათას დოლარზე მეტი დავტოვე. იმ დღეს ბავშვი სოფელში უნდა წამეყვანა, დავიწყე ჩანთის ჩალაგება და ვნახე, ბავშვს ძირგახვრეტილი ბოტასი ჰქონდა. მაშინ დავიფიცე, რომ არასოდეს ვითამაშებდი და დღემდე ვასრულებ სიტყვას. იცით, ჩემნაირად ჯიბეგამოფხეკილი მოთამაშე გარეთ რომ გადის, რას აკეთებს? ფეხით მიაბიჯებს და ძირს იყურება, მიწას ათვალიერებს, იქნებ 5 ლარი იპოვოს სადმე, რომ შებრუნდეს და ითამაშოს. ხოლო მოგებული ადამიანების 99% როგორ იქცევა? წარმოიდგინეთ, რომ აგებს 5 ათას დოლარს. შემდეგ დაიწყებს მოგებას… 4.500 უკან დაიბრუნა… არ ჩერდება, თამაშობს, რომ ისევ მოიგოს… გვითქვამს ხოლმე, ჯობია, წახვიდეო. რას ამბობთ, 500 დოლარს ჯერ წაგებაში ვარო. ბოლოს აუცილებლად ისევ წააგებს; შესაძლოა, წავიდეს, ისესხოს და ისიც წააგოს…

ყოველ დილით, 6 საათზე შემოდიოდა ტაქსის მძღოლი და დოლარს დებდა. ერთ დილასაც ასე ითამაშა, ბონუსები დააგროვა და გაუმართლა, 80 ათასი დოლარი მოიგო. თვალებს არ უჯერებდა, რომ ამდენი ფული მოიგო. დაცვამ მოგებული გადაუხურდავა და შინაც მიიყვანა. კარზე რომ დაუკაკუნებიათ, ცოლს გამოუხედავს, ქმარი მოგიყვანეთ, ბევრი ფული აქვს თან და იცოდეთო. კი მაგრამ, რა იტაქსავა ასეთი, რომ დაცვით მოვიდაო? – გაჰკვირვებია ცოლს. მაშინ ხშირი იყო შემთხვევა, როცა მოგებულს კაზინოდანვე აეკიდებოდნენ  და აყაჩაღებდნენ ხოლმე. ეს კაცი მეორე დღესვე მოვიდა. თუ მანამდე დოლარს დებდა, უკვე 25-დოლარიანი ფსონების დადება დაიწყო… 1 თვეში უკან მოიტანა მოგებული ფული. ძველი მოსკვიჩით ტაქსაობდა და ერთადერთი, რაც შერჩა, ის იყო, რომ ოპელი იყიდა. დანარჩენი გაანიავა.

ძალიან ძნელია, აზარტით შეპყრობილი ადამიანის გაჩერება. კაზინოდან თავის დაღწევა ცოტას თუ შეუძლია. თქვენ წარმოიდგინეთ, კაზინოში მომუშავე დამლაგებელიც კი, თუ სამსახურიდან გაუშვეს, ისევ კაზინოში ეძებს სამსახურს. მეც ასე ვარ, სხვა სამსახური ვიშოვე, მაგრამ ვერ წავედი. ხშირად ვფიქრობ ხოლმე ამაზე, მაგრამ პასუხი არა მაქვს.

ერთი ახალგაზრდა დადიოდა ჩვენთან, ცნობილი  ბიზნესმენის ახლო ნათესავის ქმარი იყო. მაპატიეთ და, მეტსახელად ნახუის ვეძახდით, რადგან როცა ადამიანი ბლექჯეკს თამაშობს და კარტი აღარ უნდა, უნდა თქვას, სთეი. ის ამბობდა, ნახუი. ჩვენც მეტსახელად შევარქვით. სულ იგინებოდა, გაფხორილი დადიოდა, გოგონებს შეურაცხყოფდა, პრივატმაგიდებზე თამაშობდა. ერთხელ ცოლი მოუვარდა და ყველას თვალწინ ისე სცემა, შენი მოწონებული. მას მერე აღარ გამოჩენილა. ერთი კი ძალიან ზრდილი და ყველასთვის საყვარელი კლიენტი გვყავდა. ძალიან მაგარი კაცი მოვიდა და ღატაკი წავიდა ჩვენგან. ამის გამო თავი მოიკლა.

– კაზინოში ყველა ხანგრძლივად რამდენ ხანს შეიძლება გაჩერდეს ადამიანი?

– რეკორდი არის კვირაზე მეტი… თბილისის დიდ კაზინოში სამშაბათს დილით ერთი მამაკაცი მოვიდა. ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის მეპატრონე იყო და მეორე სამშაბათს, საღამოს გავიდა კაზინოდან. დეზადორი გავუშვით, რომ მისი სუნი გადაგვეფარა. იქვე ტაქსი აუყვანია და ამა და ამ ქუჩაზე მიმიყვანეო, უთქვამს. სანამ მივიდოდნენ, ისე ჩასძინებია, მძღოლმა ვეღარ გააღვიძა და უკან მოიყვანა. ჩვენ გვეკითხებოდა, ამ კაცის სახლი ხომ არავინ იცითო? შემდეგ ტაქსი კაზინოსთან გააჩერა და წავიდა. ისეთ დროს გამოფხიზლდა,  მძღოლი რომ წასული იყო, მანქანაში ბლომად ფული დაუტოვა და შინ სხვა ტაქსით წავიდა. ყველაზე ხშირი სტუმრები თურქეთიდან არიან. ქართველი მოთამაშეები კაზინოში არ უყვართ, რადგან ჭკვიანი მოთამაშეები არიან, წინასწარ შეუძლიათ რაღაცების გათვლა, უცხოელები კი ალალბედზე თამაშობენ.

თუ დიდ ფულზე თამაშობს, იმ კლიენტს მაგრად ვუვლით, ნომერს ვუღებთ სასტუმროში, გვერდით დამატებით მაგიდებს ვუდგამთ ხილითა და სასმლით, ყველანაირ კომფორტს ვუქმნით, რომ ითამაშოს. ნასვამი ადამიანი გაცილებით თამამ ფსონებს დებს. თუ კლიენტი დიდ ფულს იგებს, კაზინო სასმელს უგზავნის, ამით კეთილგანწყობას გამოხატავს, მაგრამ ამის შემდეგ კლიენტი იწყებს სმას და მოგებულ ფულს იქ ტოვებს და გვარიან თანხასაც აგებს.

4 წლის წინ ასეთი შემთხვევა იყო: „ბლექჯეკს“ თამაშობდა ერთი შუახნის მამაკაცი. უეცრად სკამიდან გადავარდა და ადგილზე მოკვდა. ყველანი წამოვიშალეთ, მაგიდებს შორის დავაწვინეთ და სასწრაფო გამოვიძახეთ. მის მაგიდასთან მოთამაშეებმა კი თამაში ჩვეულებრივად გააგრძელეს. ის კი არა, დილერს ეჩხუბებოდნენ, სად წახვედი, ფულს ვაგებ, კარტი დაარიგე, ტრუპის დედაცო! თამაშის დროს არაფერი ახსოვთ, მხოლოდ მოგებაზე ფიქრობენ.

მიწისძვრის დროს ერთხელ კომიკურ სიტუაციაში აღმოვჩნდით:

ახალგაზრდა მამაკაცი მეთამაშებოდა. მიწა რომ იძრა, მაგიდა აყირავდა, ფიშკები აქეთ-იქით დაცურავდა, ეს ფიშკებს დასდევდა, მე და სხვა დილერები კი კარს მივაწყდით… ყველაფერი რომ მიწყნარდა და უკან დავბრუნდით, ყველა მოთამაშე ადგილზე იჯდა, არავინ განძრეულა, თავის ფიშკებს პატრონობდნენ და დილერს ელოდებოდნენ, რომ თამაში გაეგრძელებინათ.

კლიენტები ცდილობენ, რაღაც სისტემა შეიმუშაონ, გათვლები გააკეთონ, ცხრილებს ხაზავენ, მაგრამ არ არსებობს, რომ რაიმე კანონზომიერებას ექვემდებარებოდეს ბანქოს მოსვლა ან რულეტკის ციფრის გამოცნობა. ეს ფორტუნაზეა დამოკიდებული. სიმართლე გითხრათ, ყველა მოთამაშეს აძლევს ფორტუნა შანსს, რომ კაზინოდან მოგებული წავიდეს, მაგრამ ამ შანსს არავინ იყენებს.

ადრე დილერები ახერხებდნენ ფულის გაკეთებას, ფიშკებს იპარავდნენ და ა.შ. ახლა ყველგან ვიდეოკამერაა დამონტაჟებული და დილერი ვალდებულია, ხელები ვიდეოკამერას აჩვენოს ყოველ წამს. კლიენტისგან ხელიდან ხელში არაფრის გამორთმევა არ შეიძლება, მაგიდაზე უნდა დაგიდოს. ისე ვარ მიჩვეული, რომ მაღაზიაში გამყიდველმა ხურდა რომ მომაწოდოს ხელში, დახლზე 4 გაშლილ თითს ვუტყაპუნებ, აქ დადე-მეთქი.

თუ გინდა, კაზინოდან მოგებული გახვიდე, კაზინოს მეპატრონე უნდა იყო…

თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს მორევიან და რთული სიტუაციიდან გამოსავალიც მოუძებნიათ.

პრაიმტაიმი

comments