საქართველოში მედიკამენტების გაძვირებამ ბოლო რამდენიმე წელია შეუქცევადი ხასიათი მიიღო.

წამლის ფასი იზრდება მაშინ, როდესაც უფასურდება ეროვნული ვალუტა, თუმცა თითქმის არასდროს იაფდება მაშინ, როდესაც ლარი მყარდება. საგულისხმოა ისიც, რომ მედიკამენტები გაუფასული ლარის პირდაპირპროპორციულად არასდროს ძვირდება, მასზე ფასი უფრო მეტად იმატებს, ვიდრე ლარი უფასურდება. მაგალითად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტა სულ რაღაც 11,2%-ით გაუფასურდა, მაშინ როდესაც წამლების დიდი ნაწილი თითქმის, 50%-ით გაძვირდა.

„ბიზნეპსრესნიუსი“ გთავაზობთ რამდენიმე დასახელების მედიკამენტის ფასს, 1 წლის წინ და ახლა:

„ამრა ფორტე“ – 24 ლარიდან 28 ლარამდე გაძვირდა

„ორონორმი“ (სპრეი)17-18 ლარიდან – 31 ლარამდე

„სელევადინი“ 15 ლარიდან – 22,5 ლარამდე

„ნიმესილი“ 40 თეთრიდან – 60 თეთრამდე

„ომეპრაზოლი“ 40 თეთრიდან – 70 თეთრამდე

„ფაგიო“ ( სპრეი ) 15 ლარიდან – 20 ლარამდე

„კალციქეა“ 20 ლარიდან – 34,9 ლარამდე

ვალერიანის აბები – 40 თეთრიდან 70 თეთრამდე

„ენოზიდ H“ 4,7 ლარიდან – 5,7 ლარამდე და ა.შ.

რა არის მიზეზი, რის გამოც მედიკამენტები თითქმის, ყოველთვიურად ძვირდება, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი, ექსპერტთა კლუბის წევრი მარინა ბერაძე ამბობს, რომ ეს პროცესი ქვეყანაში რეგულაციების არარსებობამ განაპირობა.

მისი თქმით, სახელმწიფოს აქვს განსაზღვრული კონკრეტული მარჟა, რის გამოც ფარმაცევტული კომპანიები წამლების ფასს ზრდიან, ამის შემაკავებელი ბერკეტი კი ფიზიკურად არ არსებობს.

„მედიკამენტების გაძვირების მიზეზია ის, რომ ჩვენთან არ არსებობს რეგულაციები. მეტიც, კანონი იძლევა იმის საშულებას, რომ წამლების ფასი რაც შეიძლება გაიზარდოს და ამ პროცესს არაფერი აკავებს. ეს მაშინ, როდესაც ყველა ნორმალურ ქვეყანაში არსებობს სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაცები და ამაში ცუდი არაფერია, პირიქით, ეს აუცილებლად გასაკეთებელია.

ახლა თითქოს არის საუბარი, რომ რეგულაციები ჩვენთანაც შემოვიდეს და უფრო გონივრული გახდეს ფასები. კერძოდ, მოხდეს მარჟების განსაზღვრა, რა უნდა იყოს მაქსიმალური ნამატი, ფასწარმოქმნის საკითხები დარეგულირდეს და ა.შ. ასეთი პროგონოზი ჩვენმა ახალმა მინისტრმა თავის წლიურ ანგარიშში მოგვახსენა, ვნახოთ, რა იქნება“,-ამბობს მარინა ბერაძე.

მისი თქმით, შექმნილი ვითარების კიდევ ერთი მიზეზი ე. წ კარტერული გარიგებებია, რის გამოც, ახლა მთავარი აქცენტის გადატანა პარლამენტზე უნდა მოხდეს, რათა კანონპროექტის ინიცირება მისი მიღებით დასრულდეს.

„მედიკამენტების ფასები არის კატასტროფული, რომ აღარ ვისაუბროთ ხარისხზე. ერთია, რომ ძვირად ყიდულობ და მეორეა, რა ხარისხისას ყიდულობ. ეს თემები ჯაჭვურად არის გადაბმული ერთმანეთზე. გარდა ამისა, ჩვენთან არ არის გამიჯნული საცალო და საბითუმო ფასები, არ არის განსაზღვრული მარჟები ექსპორტირებულ და იმპორტირებულ წამლებზე, რის გამოც ჩვენგან გასული წამლები, სხვა ქვეყნებში უფრო იაფი ღირს. იმიტომ, რომ მათთან ეს რეგულაციები მუშაობს და ვერ დაადებენ იმ ფასს, რაც მათ უნდათ.

არსებული ვითარების კიდევ ერთი მიზეზია, ე.წ კარტერული გარიგეგები. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მონოპოლისტებზე, ისინი ცუდები კი არ არიან, ვინც ახლა ფასწარმოქმნის პროცესშია, უბრალოდ, მათ კანონი აძლევს ამის საშუალებას. ამიტომ, ჩვენ მთელი ყურადღება სამინისტროზე კი არ უნდა გადავიტანოთ, რომელიც აღმასრულებელია, არამედ პარლამენტზე. სწორედ იქ უნდა მოხდეს კანონების ინიცირება და უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომელი ძალები როგორ უშლიან ხელს ამას მიღებას“,-ამბობს მარინა ბერაძე.

bpn.ge

comments