საქართველოს ბიზნესომბუდსმენად მიხეილ დაუშვილი გასულ კვირას დაინიშნა. იგი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წარადგინა. მანამდე ბიზნესომბუდსმენის პოსტს ირაკლი ლექვინაძე იკავებდა, რომელმაც თანამდებობა 11 ნოემბერს დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესომბუდსმენობამდე მიხეილ დაუშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო მანამდე იყო ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა რა ქონებას ფლობს ახალი ბიზნესომბუდსმენი. როგორც 2019 წლის 28 თებერვალს შევსებული დეკლარაციაში ვკითხულობთ, მიხეილ დაუშვილი ფლობს, 2017 წელს შეძენილ, 167,1 კვ.მ ფართობის აგარაკს ხაშურში, რაშიც 16 000 აშშ დოლარი გადაიხადა. მან ამავე წელს, შეიძინა მეორე აგარაკი ხაშურში (2128 კვ.მ), რომელშიც ასევე, 16 000 აშშ დოლარი აქვს გადახდილი.

მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მიხეილ დაუშვილმა 2018 წელს შეიძინა ბინა თბილისშიც, კერძოდ, სოფელ დიღომში, რომლის ფართობი 55,6 კვ.მ-ა, ხოლო ღირებულება 57 737 ლარს შეადგენს.

მის სახელზეა 2015 წელს შეძენილი ავტომობილი Mercedes, CLK 2004, რაშიც 3500 აშშ დოლარი გადაიხადა.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, მიხეილ დაუშვილი დეკლარაციის შევსების მომენტში ფლობდა: „თიბისი ბანკის“ ანაბარზე – 1600 დოლარს, სახელფასოზე – 2449,98 ლარს, ხოლო მიმდინარეზე – 4800 აშშ დოლარს.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ დაუშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილედ მუშაობის პერიოდში, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 2018 წლის აპრილის ჩათვლით, აღებული აქვს 15739,42 ლარი.

ხოლო ამავე უწყებაში საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობისას, 2018 წლის მაისიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 40107,15 ლარი.

bpn.ge

comments