2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით დეპუტატებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

დამოუკიდებელი დეპუტატი, კობა ნარჩემაშვილი ფიქრობს, რომ შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არაერთი პოლიტიკური ძალის პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას იძლეოდა, რაც არც “ქართული ოცნებისა” და არც “ნაციონალური მოძრაობისთვის” იყო მისაღები.

“პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერის შემთხვევაში, გამოჩნდებოდა არაერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც გაუჩნდებოდა შანსი პარლამენტში მოხვედრის. აქედან გამომდინარე, ახალი პოლიტიკური მოთამაშეების არსებობა მიუღებელი აღმოჩნდა პარლამენტში “ქართული ოცნებისთვის“ და მე შემიძლია ღიად ვთქვა, რომ ის, ასევე მიუღებელია “ნაციონალური მოძრაობისთვისაც,” – განაცხადა ნარჩემაშვილმა.

მმართველი გუნდის წევრის, კობა კობალაძის განცხადებით კი, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა დესტაბილიზაციის საფრთხესა და სახელისუფლებო კრიზისს ქმნიდა.

“ჩემი აზრით, 2020-ისთვის ნაადრევი იყო პროპორციული სისტემით შერეული სისტემის ჩანაცვლება, რამეთუ ეს ქვეყანაში დესტაბილიზაციას გამოიწვევდა და იქნებოდა სახელისუფლებო კრიზისი,” – განაცხადა კობალაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი მაჟორიტარებს ყოველ შეხვედრაზე საჯაროდ სთხოვდა, მხარი დაეჭირათ საარჩევნო ცვლილებებისთვის.თუმცა ქანთარიას მიაჩნია, რომ მაჟორიტარი დეპუტატები სწორედ საზოგადოების ინტერესებით მოქმედებდნენ.

“ბატონი ბიძინა ყოველთვის ამბობდა, რომ პროპორციულ სისტემაზე უნდა გადავსულიყავით. თხოვა და მოუწოდა მაჟორიტარებს, ნუ იზამდნენ ასეთ რამეს,” – განაცხადა ქანთარიამ.

comments