რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ყოველდღიური აქციები და პროტესტის გამოხატვის ფორმები – ოპოზიციის ლიდერები მიმდინარე კვირის განმავლობაში აქციებს მცირე მასშტაბის ფორმატში გამართავენ, ხოლო  პარლამენტის პიკეტირებას ყოველ ორშაბათს, საგანგებოდ სამშაბათის სესიის ჩაშლის მიზნით გეგმავენ.

“ამ კვირის განმავლობაში იქნება უფრო მცირე მასშტაბის ლოკალური აქციები, ორშაბათს შეკრება იქნება რესპუბლიკის მოედანზე და გაიმართება მსვლელობა და დემონსტრაცია პარლამენტისკენ. აქ გაიმართება ადგილზე უკვე მიტინგი, ხოლო შემდეგ მონაწილეები დარჩებიან და გაგრძელდება პარლამენტის მშვიდობიანი პიკეტირება,” – აცხადებს დავით ბაქრაძე.

პროპორციული არჩევნებისთვის ბრძოლის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს საქართველოს “ლეიბორისტული” პარტიის პოლიტიკური მდივანი, გიორგი გუგავა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მმართველობა უნდა დასრულდეს.

ქართველი ხალხი მოტყუებასა და ღირსების შელახვას არ შეეგუება – ამის შესახებ “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” გენერალური მდივანი, გიგლა ბარამიძე საუბრობს.

პროტესტის გაგრძელების აუცილებლობასა და მოთხოვნების შესურლების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზურაბ მელიქიშვილიც.

ალეკო ელისაშვილი კი დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად, რეგიონებში საინფორმაციო კამპანია იწყებს, რომელიც მოსახლეობისთვის ადგილობრივი მაჟორიტარების შესახებ “რეალური საქმიანობის” მამხილებელი ფაქტების მიწოდებას ისახავს მიზნად.

“ჩვენს ორგანიზაციას დაგეგმილი გვაქვს დღე-დღეზე, რეგიონებში კამპანიის დაწყება – ამხილე ფეოდალი. ჩვენ ჩავალთ ყველა რაიონში და ვამხელთ იქაურ მაჟორიტარ დეპუტატებს, რომლებიც სინამდვილეში არიან ბანდიტები და წურბელები,” – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

comments