„აქ კლიტე-ბოქლომი კი არა, აქ დასადები მე ვიცი რაც არის, მაგრამ ღმერთო მიშველე საქართველოს სიყვარულით“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა პროკურატურის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე.

პროკურატურასთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ერთგვარი აქცია-პერფორმანსი გამართეს, პროკურატურის რკინის ღობეს მათ ბოქლომი დაადეს.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები გეგმავდნენ, ბოქლომი ჭიშკარზე დაედოთ, თუმცა სამართალდამცველებთან მცირე წინააღმდეგობის შემდეგ მათ ბოქლომი რკინის ღობეზე დაამაგრეს.

აქციას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილიც შეუერთდა. მისი სიტყვებით, პროკურატურაში იციან, რომ უდანაშაულო თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს, თუმცა საზოგადოების წინაშე ამას არ აღიარებენ.

„ორი წელია იმისთვის ვიბრძვი, შე დედააფეთქებულო, პროკურორი ხარ თუ გენპროკურორი, მითხარი, ერთი ბოდიში მაინც მომიხადე. მთელი ამ დროის განმავლობაში ვცდილობ, რომ კორექტულად ვისაუბრო, წყობიდან არ გამოვიდე, პატივი გცეთ თქვენც და მთელ საქართველოს, აქ მოვედი იმის მოლოდინში, რომ მოვიდე ჩემს ხალხთან, თორემ მართლა ამას ბოქლომი კი არა, შავი ჭირი დავადო“,- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

გენერალურ პროკურატურასთან ბოქლომის დადების აქცია ნაწილია საპროტესტო კამპანიისა, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა 19 ნოემბერს დააანონსეს.

საპროტესტო კამპანიის ფარგლებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების შენობებთან მივლენ და ბოქლომს დაადებენ.

14 ნოემბერს, პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება მომდევნო საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩასატარებლად.

პარლამენტის უარის გამო, სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების მიერ იმავე დღეს დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა 17 ნოემბერს პარლამენტის შესასვლელები დაბლოკეს და ჭიშკარს ბოქლომი დაადეს.

18 ნოემბერს საღამოს, საპოლიციო ძალებმა პარლამენტის პიკეტირების აქცია დაშალეს. შსს-მ საფუძვლად დაასახელა შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის მე-9 მუხლის დარღვევა. კერძოდ, ის, რომ კანონით აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

უფლებადამცველები ადასტურებენ, რომ ფორმალურად არსებობდა პიკეტირების აქციის დაშლის საფუძველი, თუმცა, ხაზს უსვამენ, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა კონტექსტი, რომელმაც მშვიდობიანი აქციის ეს ფორმა განაპირობა და არც ის, რომ გამომწვევ მიზეზზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის პიკეტირებას 26 ნოემბერსაც აპირებენ. ამ დღეს პლენარული სხდომაა დანიშნული.

comments