თბილისში მგზავრობისას შესაძლოა, ინტეგრირებული ტარიფი დაწესდეს – ამის შესახებ, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ასანიძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისივე შეფასებით, „სისტრას“ ძალიან საინტერესო გეგმა აქვს და თუ მისი განხორციელება მოხერხდა პრაქტიკულად მთლიანად მოიხსნება ტრანსპორტის თემა.

„მათ მიერ შემუშავებულ გეგმაში წერია, რომ ავტობუსები ივლიან გრძელ მარშრუტებზე, ძირითად არტერიებზე. პატარა მარშრუტებზე გადაადგილება კი, მათ შორის, უბნებიდან ხალხის გამოყვანა ან მეტროებიდან დიდი არტერიების მომარაგება მიკროავტობუსების ხარჯზე იქნება. თუმცა, ამ შემთხვევაში უკვე საუბარია, ინტეგრირებული ტარიფის შემოღებაზე. ეს გულისხმობს, რომ თუ მგზავრი ავა მიკროავტობუსში, ხოლო შემდეგ ავტობუსში გადაჯდება, ფულს აღარ გადაიხდის და პირიქით.

„სისტრას“ სქემის მიხედვით, თუ ადამიანი პირობითად მეტროდან მიდის სახლის მიმართულებით, ჯერ მიკროავტობუსის მეშვეობით უნდა მივიდეს ძირითად არტერიამდე, შემდეგ უნდა გადაჯდეს ავტობუსში, ხოლო უბანში სახლამდე მისასვლელად კიდევ მიკროავტობუსი დასჭირდება. ამ გადაჯდომების ფონზე, რომ ტარიფი არ გაძვირდეს, საჭიროა ინტეგრირებული ტარიფის შემოღება.

ამასთან, გეგმის მიხედვით, მიკროავტობუსებში გადახდილი მგზავრობის საფასური წავა ადგილობრივ ბიუჯეტში, ხოლო მერია კომპანიას (მიკროავტობუსებს) გავლილი კილომეტრების მიხედვით გადაგვიხდის ფასს. ტარიფი იქნება ადეკვატური მათ შორის, რაღაც კოეფიციენტით მიბმული იქნება დოლარზე, საწვავის ფასზე და ა.შ. შედეგად, მგზავრობის საფასური ჩვენი აღარ იქნება და ტარიფი ჩვენზე აღარ იქნება დამოკიდებული. შესაბამისად, მძღოლებიც ხელფასზე გადავლენ, ჩვენ ჩავუსხამთ საწვავს და ა.შ.,“-განაცხადა ასანიძემ.

მერია მიკროავტობუსების პარკის ჩანაცვლებას გეგმავს და შესაბამის კომპანიასთან კონკრეტული გეგმის შემუშავებასა და წარდგენაზე მუშაობს, რათა 2020 წლიდან მიკროავტობუსების ჩანაცვლება დაიწყოს. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალური დირექტორის თქმით, კომპანია პასუხისმგებლობით ეკიდება მიკროავტობუსების საკითხს, თუმცა, მისივე თქმით, არაერთი პრობლემაა, რამაც, კომპანია ზარალზე გაიყვანა იმ ფონზე, რომ წლებია მგზავრობის ტარიფი არ გადახედილა. დირექტორის განცხადებით, კომპანია ტარიფის 20-30 თეთრით მატების გარეშე მიკროავტობუსების პარკის განახლების შესაძლებლობას ვერ ხედავს.

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის თქმით კი, „ყველა ვარიანტს განიხილავს, გარდა ტარიფის ზრდისა”. ამასთან, როგორც ხმალაძე აცხადებს, ტარიფის ზრდა არის ისეთი ვარიანტი, რომელსაც დიდი ალბათობით, მერია არ დათანხმდება.

bpn.ge

comments