რა პირობებში იმყოფებიან ქართველი პატიმრები საფრანგეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში? „პრაიმტაიმმა“ მოიპოვა ექსკლუზიური კადრები მარსელის ციხიდან, სადაც არაერთი ქართველი პატიმარი საკმაოდ რთულ სიტუაციაშია.

მათ შორის გახლავთ ე.წ. „კანონიერი ქურდი“ კახა შუშანაშვილი, რომელსაც კიდურებზე სასწრაფო ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება, თუმცა, როგორც მისი ფრანგი ადვოკატი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად შუშანაშვილს სამედიცინო დახმარება არ უტარდება, მდგომარეობა კი ყოველდღიურად მძიმდება.

„ის ძალიან ავად არის. ბევრი დაავადება აქვს და არ მკურნალობენ. საფრანგეთში, სადაც ყოველთვის იცავენ ადამიანის უფლებებს, ლაშა შუშანაშვილის შემთხვევაში ეს უფლებები არ არსებობს… ის ითვლება საფრანგეთში რიგით მეექვსე ყველაზე კონტროლირებად პატიმარს შორის. ეს რომ გესმის, უკვე ფიქრობ, რომ ძალიან საშიშ ადამიანთან გაქვს საქმე, მაგრამ, როცა შეხვდები და დაელაპარაკები, მიხვდები, რომ ისიც ჩვეულებრივი ადამიანია“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ადვოკატი სილვიო როსსი-არნოუდი.

„კანონიერი ქურდის“ ქართველი ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი კი მიიჩნევს, რომ მარსელის ციხეში მყოფი შუშანაშვილის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თანახმაა საქართველოში ექსტრადირებაზეც, სადაც მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ამჟამად, სასამართლოში არსებითად განიხილება.

„შუშანაშვილს ესაჭიროება ქირურგიული ოპერაცია, რაც დასტურდება სამედიცინო დოკუმენტაციით. მსგავსი მოპყრობა აჩენს საფუძვლიან ეჭვს მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ. მოვუწოდებ საქართველოს სახელმწიფოს, დაიცვას მისი მოქალაქის უფლებები და როგორც პაციენტს მიეცეს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურეობის მიღების უფლება“, – ამბობს ადვოკატი გაგი მოსიაშვილი.

მარსელის ციხეში ქართველების გაუსაძლის პირობებზე საუბრობს მომღერალი კახა აბუაშვილი (კაბუ), რომელიც 2018 წლის აპრილში სპეცოპერაციის შედეგად ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს. მან საფრანგეთის ციხეში ერთი წელი გაატარა, 2019 წლის აპრილში კი სასჯელი შინაპატიმრობით შეუცვალეს.

გაგრძელება

comments