არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის საქმეზე ხუთი თვის განმავლობაში, 22 პირია დაკავებული. მათგან 11, რამდენიმე დღის წინ დააკავეს სამართალდამცავებმა. დაკავებულთა უმრავლესობა მოზარდების მშობლები არიან. ისინი ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ არაფერი იცოდნენ იმ ფოტოების შინაარსის შესახებ, რომლებსაც მათ შვილებს საქმეზე დაკავებული აშშ-ის მოქალაქე უღებდა.

„ასეა საჭირო. შენ რომ წარმატებული ფოტომოდელი გახდე, უნდა გაიხადო კიდეც. ფოტო გადავიღოთ, ოღონდ დედიკოს არ უთხრა. ეს იყოს ჩვენი პატარა საიდუმლო. დედამ რომ გაიგოს, აგიკრძალავს აქ მოსვლას და ფოტომოდელი ვეღარ გახდები. სულ ორჯერ გავიხადე წელს ზევით, მერე შემრცხვა და უარი ვუთხარი“, – „ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე“ დაკავებული ქალის ადვოკატი, ნიკოლოზ წულეისკირი, რადიო თავისუფლებას უყვება ბრალდებულის შვილის, 12 წლის გოგოს ჩვენების შინაარსს, რომელიც მან გამოძიებას, ფსიქოლოგის თანდასწრებით მისცა.

ნიკოლოზ წულეისკირი დარწმუნებულია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ბრალდება შვილის პორნოგრაფიულ საქმიანობაში ჩართვას ედავება, გარემოებების მსხვერპლია. ამბობს, რომ არასრულწლოვნებით ვაჭრობისა და მათი გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღების ბრალდებით დაკავებული 20-მდე მშობლიდან, მხოლოდ რამდენიმემ იცოდა, თუ რა ტიპის ფოტოებს უღებდა მათ შვილებს ამავე ბრალდებით დაკავებული ამერიკის მოქალაქე:

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს პირველივე დღეს ვუთხარი. სულ ერთი წუთით თუ მაინც შემეპარება ეჭვი, რომ დამნაშავე ბრძანდებით, უარს ვიტყვი თქვენს დაცვაზე-მეთქი. საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, დავრწმუნდი, რომ ქალი უდანაშაულოა. ამას ადასტურებს მისი შვილის ჩვენებაც. ბავშვი ამბობს, რომ დედამ არაფერი იცოდა, ვმალავდიო. მის მსგავსად მალავდა ფოტო-გადაღებების შინაარსს კიდევ რამდენიმე ბავშვი. პროკურატურას თავად აქვს კადრები გადაღებული და თავისი თვალით აქვთ ნანახი, რომ იმ ოთახში, სადაც გადაღებები მიმდინარეობდა, მშობლებს არ უშვებდნენ“.

რადიკალურად განსხვავებულ განცხადებას აკეთებს პროკურატურა. საქმის პროკურორი, მარიამ გოგორელიანი ამბობს, რომ მშობლებმა იცოდნენ ფოტოსესიის შინაარსის შესახებ და მათ ამაში ანაზღაურებაც აიღეს: „ყველა მათგანს თვითონ მიჰყავდა საკუთარი შვილი ფოტოების გადასაღებად, იმყოფებოდნენ იმავე ბინაში, სადაც იღებდნენ ფოტოებს. არსებობს ფოტო-ვიდეო მასალა, რაზეც ძირითადად არის პორნოგრაფია ასახული. აგრეთვე არის ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩანაწერები როგორც ვიდეო, ასევე, აუდიო ჩანაწერები, აგრეთვე, სხვადასხვა სოციალური ქსელებით მიმოწერები ბრალდებულებს შორის, რითაც დასტურდება რომ იცოდნენ შინაარსი, ასევე ანაზღაურების მიღების ფაქტები”.

„პორნოგრაფიის საქმე“ – დაკავებული მშობლები, რომლებიც ბრალს არ აღიარებენ

არასრულწლოვნებით ვაჭრობისა და მათი გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღების ბრალდებით, აგვისტოდან დღემდე, 22 პირია დაკავებული. მათგან ორი უცხო ქვეყნების, აშშ-ისა და ავსტრალიის მოქალაქეები არიან; ერთი დაკავებული პედაგოგია, დანარჩენები კი არასრულწლოვნების მშობლები არიან.

11 პირი გამოძიებამ აგვისტო-სექტემბერში დააკავა. მომდევნო 11 პირი, მათ შორის, 10 მშობელი და ერთი პედაგოგი, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დეკემბრის დასაწყისში დააკავეს. ბრალდება 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც შსს იტყობინება, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებელი ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს.

გამოძიება ყვება, რომ მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც არასრულწლოვნებს პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას უღებდნენ, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

გამოძიების თანახმადვე, მშობლები საკუთარი შვილების პორნოგრაფიული ხასიათის ფოტო და ვიდეო მასალის სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას იღებდნენ. ფოტოებს კი გამოძიების თანახმად, არასრულწლოვნებს, რომელთა ასაკი 5-დან 16 წლამდე მერყეობს, აშშ-ის მოქალაქე, 58 წლის მამაკაცი უღებდა. პროკურატურის ინფორმაციით, აშშ-ის მოქალაქეს რამდენიმე წლის წინ, საკუთარ ქვეყანაში აქვს მოხდილი სასჯელი ანალოგიური ბრალდებით.

არასრულწლოვნები, რომლებსაც ის პორნოგრაფიული ხასიათის ფოტოებს უღებდა, შიდა ქართლის ორი მომიჯნავე სოფლიდან, ძირითადად ერთი სკოლის მოსწავლეები არიან. იმ სკოლის მოსწავლეები, სადაც აშშ-ის მოქალაქე პირველად 8 წლის წინ, პროგრამა „ასწავლე და ისწავლეს“ ფარგლებში, ინგლისური ენის მასწავლებლად ჩავიდა და ბავშვებს 9 თვის განმავლობაში ასწავლიდა. სწორედ ამ სკოლის პედაგოგია კიდევ ერთი დაკავებული ქალი.

დაკავებული მშობლები ბრალს არ აღიარებენ. ამბობენ, რომ მათ შვილები, მხოლოდ და მხოლოდ, სარეკლამო ფოტოების გადასაღებად დაჰყავდათ ფოტო-სტუდიაში. ბრალდებული მშობლების ნაწილი ამბობს, რომ ფოტოგადაღებები მათი თანდასწრებით მიმდინარეობდა და ამ გადაღებებში „უკანონო და უხამსი“ არაფერი იყო. მშობლების ნაწილი კი ამბობს, რომ იმ სივრცეში, სადაც ფოტოგადაღება მიმდინარეობდა, მათ არ უშვებდნენ. თუმცა, არ გასჩენიათ ეჭვი, რომ იქ რაიმე უკანონო საქმიანობა ხორციელდებოდა.

ადვოკატი მაკა ბერაძე სასამართლოში 11 წლის მოზარდის დედ-მამას იცავს. ისინი დეკემბრის დასაწყისში დააკავეს. ამბობს, რომ ბავშვი თავს ცუდად გრძნობს, რადგან ფიქრობს, რომ მშობლები მის გამო დააკავეს. მაკა ბერაძის თქმით, მტკიცებულებები, რომლებიც მას, ამ ეტაპზე, გამოძიებამ გადასცა, არ ადასტურებს დაკავებულების ბრალეულობას. მეტიც, ადვოკატის თქმით, საქმის მასალებში არ დევს ბავშვის პორნოგრაფიული შინაარსის შემცველი ფოტოები:

„ბევრჯერ ითქვა, თითქოს მშობლებმა იცოდნენ, რომ მათ შვილებს პორნოგრაფიულ ფოტოებს უღებდნენ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებულების პოზიციიდან ვამბობ, ეს ფაქტი არ დასტურდება. ხუთი-ექვსი გადაღება იყო. მშობლები ყველა გადაღებას ესწრებოდნენ და მათ შემთხვევაში, არანაირ კანონსაწინააღმდეგო გადაღებას ადგილი არ ჰქონია. ამ ეტაპზე, რა მტკიცებულებებიც მაქვს გადმოცემული, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების შვილის პორნოგრაფიული ფოტო საქმეში არ დევს. ბრალდება ეყრდნობა მხოლოდ სოციალური ქსელის მიმოწერას. მათი ბრალდება იმდენად უსაფუძვლოა, რომ ვერ ვხვდებით, რაში დასჭირდა სახელმწიფოს ამდენი მშობლის გაუბედურება“.

მაკა ბერაძე ფიქრობს, რომ ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეში დადანაშაულებული ადამიანების დიდი ნაწილი მსხვერპლია.

ასე ფიქრობს კიდევ ერთი ადვოკატი, სალომე კალაიჯიშვილი. მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქალი სამართალდამცავებმა 26 აგვისტოს დააკავეს. ქალს ორი შვილი, 14 და 12 წლის გოგოები ჰყავს. ადვოკატი ამბობს, რომ აშშ-ის მოქალაქე მშობლების თანდასწრებით იღებდა სტანდარტულ ფოტოებს, რათა მათ ეჭვი არ გასჩენოდათ, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ფოტოგრაფი წლების განმავლობაში ეწეოდა მსგავს საქმიანობას, მშობლებისგან მალულად მაინც ახერხებდა უკანონო შინაარსის შემცველი ფოტოების გადაღებას:

„ამ ტიპის ფოტოებს ძირითადად უღებდა უფრო მცირე ასაკის ბავშვებს. ბავშვები ამის შესახებ მშობლებს არაფერს ეუბნებოდნენ. მშობლები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მსგავსი შინაარსის ფოტოებს უღებდნენ მათ შვილებს. ბრალდებას არ აქვს წარმოდგენილი პირდაპირი მტკიცებულებები. ის, რა დასკვნებიც კეთდება ბრალდების მიერ, არის მხოლოდ და მხოლოდ, ჰიპოთეტური. უტყუარი, პირდაპირი მტკიცებულება, რომ მშობლები ინფორმირებულნი იყვნენ ფოტოსესიების შინაარსის შესახებ, არ არსებობს. ეს არის მხოლოდ ბრალდების მხარის ვარაუდი“.

ადვოკატი ივანე სამხარაძე „ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე“ დაკავებულ ორ პირს იცავს. ერთი აგვისტოში დააკავეს და მეორე – რამდენიმე დღის წინ. როგორც ივანე სამხარაძე ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ბავშვები ადასტურებენ, რომ ფოტოგადაღებების შინაარსის შესახებ მშობლებისთვის არაფერი უთქვამთ.

რატომ დააკავეს პედაგოგი?

გამოძიებამ დეკემბრის დასაწყისში დააკავა იმ სოფლის სკოლის პედაგოგი, სადაც ფოტოსესიებში მონაწილე მოზარდები სწავლობდნენ. რვა წლის წინ, სწორედ ამ პედაგოგთან ცხოვრობდა მდგმურად ბრალდებული აშშ-ის მოქალაქე.

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ კაცმა მათი სკოლის მასწავლებლის ნდობით ბოროტად ისარგებლა:

„ისარგებლა ჩვენი გულუბრყვილობით და ძალიან ცუდ დღეში ჩაგვყარა მთელი სკოლა და მთელი სოფელი. ნებისმიერ ბავშვს და მასწავლებელს ჰკითხეთ, როგორი პედაგოგი და ადამიანია ის ქალი, რომელსაც გამოძიება ამ მძიმე დანაშაულს ედავება. ვერაფრით წარმოვიდგენ, რომ მას რაიმე შეშლოდა. ეს ქალი არის გარემოებების მსხვერპლი. ეს კაცი 9 თვის განმავლობაში ასწავლიდა ჩვენთან. ჩემთან ყოველთვის დისტანცია ეჭირა. თითქოს რაღაც არ სიამოვნებდა. ვინც თბილად ეპყრობოდა, მათი ნდობით ისარგებლა“.

დაკავებული პედაგოგის ადვოკატი, ნოდარ ცინცაძე ამბობს, რომ ბრალდებას არ გააჩნია არანაირი მტკიცებულება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი დამნაშავეა:

„როდესაც პირველი ნაკადი დააკავეს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ჩვეულებრივ აგრძელებდა პედაგოგიურ საქმიანობას, არავისთან მისულა და არ უთხოვია, ან ასე თქვი რამე და ან ისეო. მან ტელევიზიაში გასული სიუჟეტებიდან გაიგო, რომ თურმე უკანონო ქმედებას ჰქონდა ადგილი ფოტოგადაღებების დროს. მისთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო ეს ბრალდება“.

მაშ, რა მტკიცებულებებს ეფუძნება ბრალდება? ადვოკატის თქმით, ბრალის დადგენილებაში წერია, რომ „პედაგოგმა აშშ-ის მოქალაქე გააცნო ერთ-ერთ მშობელს და ამით დაეხმარა მას“. გარდა ამისა, ბრალდებაში დევს პედაგოგისა და აშშ-ის მოქალაქის მიმოწერა სოციალურ ქსელში:

„2018 წლის ზაფხულში, სკოლაში გაიმართა გამოსაშვები საღამო და ამ საღამოზე მოწვეული იყო ბრალდებული ამერიკის მოქალაქეც, როგორც სკოლის ყოფილი მასწავლებელი და ფოტოგრაფი. ერთ-ერთი მოსწავლე მოეწონა ფოტოსესიებისთვის. მასწავლებელმა კი მას ბავშვის დედა გააცნო, რომელიც იქვე, გამოსაშვებ საღამოზე იმყოფებოდა. რაც შეეხება აშშ-ის მოქალაქისა და პედაგოგის მიმოწერას სოციალურ ქსელში, ისინი ლაპარაკობენ სხვადასხვა ყოფით საკითხებზე. ერთ-ერთი ასეთი საუბრის დროს, ამერიკის მოქალაქე პედაგოგს უგზავნის სწორედ იმ არასრულწლოვანი გოგოს ფოტოს, რომლითაც გამოსაშვებ საღამოზე დაინტერესდა. ფოტო გადაღებულია მინდორში, მოზარდს აცვია გრძელი კაბა. აშშ-ის მოქალაქე ეუბნება პედაგოგს, ნახეთ, რა კარგი ფოტო გამოვიდა. ეს იყო და ეს. ეს ადამიანი ციხეში იმყოფება მხოლოდ იმისთვის, რომ ამერიკის მოქალაქე და მშობელი გააცნო ერთმანეთს“.

რა ელის ბავშვებს?

„მე ბავშვის მამიდა ვარ. ჩემი რძალია დაკავებული. განადგურებულები ვართ. ბავშვები გაუბედურდნენ“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის წევრი. ქალი დარწმუნებულია, რომ მისი რძალი მოატყუეს:

„ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ. რომელი ნორმალური დედა გააკეთებს ამას, არ არსებობს. ნერვიულობენ ბავშვები. პატარა ბიჭი ყოველ წუთას კითხულობს დედას. გოგო ძალიან დათრგუნულია. ძალიან კარგად მღერის. კონკურსში იღებს მონაწილეობას, თუმცა, უარი თქვა, აღარ მინდა არაფერიო. ჩვენ არაფერში დავიხევთ უკან, მაგრამ ბავშვებს დედა უნდათ“.

სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სერვის ცენტრის ინფორმაციით, „პორნოგრაფიის საქმეში“ 16 მოზარდი ფიგურირებს. სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები მათ მდგომარეობას სწავლობენ.

თეა თედელური, ცენტრის უფროსი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მათი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, დამაკმაყოფილებელია. მისი თქმით, ოჯახების ნაწილმა სააგენტოს დახმარებაზე უარი თქვა, თუმცა, ფსიქოლოგები მოზარდების უმეტესობასთან მუშაობენ.

რაც შეეხება, „პორნოგრაფიის საქმეზე“ დაკავებული ოჯახების სოციალურ მდგომარეობას, თეა თედელური ამბობს, რომ ოჯახების უმეტესობა „ნორმალურად ცხოვრობს“:

„სოციალურმა მუშაკებმა მხოლოდ ორ ოჯახზე თქვეს, რომ ისინი ფინანსურად ხელმოკლედ ცხოვრობენ. დანარჩენი ოჯახები პირიქით, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, საკმაოდ ნორმალურად ცხოვრობენ. უმრავლეს შემთხვევაში, ოჯახების სოციალური სიდუხჭირე არ გამოკვეთილა. რაც შეეხება ბავშვებს, სოციალური მუშაკების ინფორმაციით, ბავშვები არიან საკმაოდ გონებაგახსნილები. მოგეხსენებათ, სოც.მომსახურების სააგენტოს გვიწევს გარკვეული კატეგორიის არასრულწლოვნებთან და მათ ოჯახებთან მუშაობა, რომლებსაც ძალიან ბევრი მიმართულებით სჭირდებათ მხარდაჭერა. ამ შემთხვევაში, პირიქით, გაოცებულებიც კი დავრჩით, იმდენად ჯანსაღი ოჯახები არიან“.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს ადვოკატებმა, დაკავებული ქალებიდან ერთ-ერთი, მეძუძური დედაა.

საქმეზე დაკავებულ 22-ივე პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. წინასასამართლო სხდომები 6 და 20 იანვარს გაიმართება.

comments