ნასწარი ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 3 კანდიდატს, სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეებს: თამარ ალანიას, შოთა გეწაძეს და პაატა სილაგაძეს, უმრავლესობა დღევანდელ სხდომაზე მხარს არ დაუჭერს. სამივე მათგანის სახელს  ისეთი ხმაურიანი საქმეების განხილვა უკავშირდება, როგორც არის “მუხროვანის ამბოხი” და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი პროცესს კვლავაც ისტორიულად გამჭვირვალეს უწოდებს. ოხანაშვილმა კომენტარი ოპოზიციისა და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პროტეტსტმა დეპუტატების საქმიანობას ხელი არ უნდა შეუშალოს.

“ისტორიული ფაქტი შედგა, როგორც გახსნილი, გამჭვირვალე პროცესი პირველად საქართველოს ისტორიაში, რომელიც უკავშირდებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას. ჩვენ დაგვრჩა კენჭისყრის პროცედურა, კენჭს ვუყრით თითოეულ კანდიდატს ინდივიდუალურად. რაც შეეხება კრიტერიუმს, რითი შევაფასებთ, ეს არის, რა თქმა უნდა, კომპეტენტურობა, პროფესიონალიზმი. მათ აქვთ აზრის გამოხატვის სრული თავისუფლება, მათ შორის პროტესტით, თუმცა პარლამენტის წევრის საქმიანობისათვის ხელის შეშლა  სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება,”- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიის “ჩაგდება” ქაოსს და დესტაბილიზაციას გამოიწვევს.

“არ არის ადვილი თემა, მაგრამ ერთი მხრივ, სასწორის პინაზე დევს  იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც ჰქვია, სტაბილური სასამართლოს შექმნა იმ რეიტინგებით, რომელიც დღეს ჩვენდა სასიხარულოდ ჩვენს სასამართლოს გააჩნია.  მეორე მხრივ არის ქაოსი და დესტაბილიზაციას გამოიწვევს თუ არ მივიღებთ გადაწყვეტილებას სასამართლოს გაძლიერებასთან დაკავშირებით,” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, პარლამენტის პიკეტირება,  რომელსაც დღეს სამოქალაქო მოძრაობის წევრები აპირებენ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის დამტკიცებას უკავშირდება.

comments