„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ოთარ ჩრდილელმა საპარლამენტო მანდატი დატოვა და ამის მიზეზად მოსამართლეთა 14-კაციანი სიის დამტკიცება დაასახელა. შესაბამისი პოსტი ოთარ ჩრდილელმა ფეიბუკის გვერდზე გამოაქვეყნა.

„ერთი წელია, ვცდილობთ, რომ არ დაზიანდეს სასამართლოს იმიჯი. მთელი ეს პერიოდი კონკრეტულად ამ საკითხზე ბევრჯერ შეიკრიბა გუნდი, ვცადეთ უდანაკარგოდ მიგვეღო გადაწყვეტილება და მივსულიყავით კონსენსუსამდე. რა შედეგიც დადგა-ყველამ ერთად ვნახეთ. შესაძლოა, მე ვცდები და ზედმეტად მუქ ფერებში ვხედავ(დი) მოსამართლეთა დუჟინას. და რა იქნება მომავალში? – არც არაფერი, უბრალოდ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო დეპუტატის მანდატი.

ჩემთვის ორი მოწვევის დეპუტატისთვის, მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნე ინდივიდუალიზმი და (არა შაბლონური) მადლობა „ქართულ ოცნებას“, რომ მთელი რიგი სენსიტიური საკითხებისადმი გუნდის წევრებს გვქონდა პლურალისტური მიდგომა, გარედან შესაძლოა, ჩანს, რომ: ყველაფერი ერთ ხმაში, ხავერდოვნად მიდის, მაგრამ მერწმუნეთ: შიგნით-დუღილის ტემპერატურა ძალიან მაღალია…

მე არ მქონდა მორალური უფლება, რომ „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით შესულს დამეტოვებინა უმრავლესობა და პარლამენტში სხვა ფრთაზე გავმაგრებულიყავი. თითქმის ერთი წლით ადრე ვტოვებ პარლამენტს, სადაც შევიძინე: მეგობრები, გამოცდილება და შაქარი. არასოდეს გამიწყვეტია კონტაქტი მოსახლეობასთან და ამით ვამაყობ. პირადად ვინც მიცნობს იცის, რომ ჩემთვის ღირებულია ადამიანი, კანონი, მორალი, პატიოსნება. კიდევ ერთხელ ყველას მადლობას მოგახსენებთ, უდიდესი ნდობისთვის. წარმატებებსა და ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ. მრავალჟამიეეერ, ღმერთი ჰფარავდეს, დედა სამშობლოს“, – წერს ოთარ ჩრდილელი.

პარლამენტმა 12 დეკემბერს კენჭისყრის შედეგად 19 კანდიდატურიდან 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცა. მათგან 12 ახალი კანდიდატურაა, 2 კი ნუგზარ სხირტლაძე და მაია ვაჩაძე, უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლეები არიან.

comments