ირანელმა სამართალდამცველებმა თეირანში აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს – ამის შესახებ “გარდიანი” წერს. თვითმხილველების ცნობით, არიან დაჭრილები.

ათასობით ირანელი ავიაკატასტროფაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას, ირანის პრეზიდენტის ჰასან როჰანისა და სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ჰამენეის გადადგომას ითხოვს.

თავდაპირველად სამართალდამცველებმა აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, შემდეგ კი ცეცხლი გახსნეს.

“სიტუაცია ძალიან მძიმე იყო. ისინი უშვებდნენ ცრემლსადენ გაზს, ჩვენ ვერაფერს ვხედავდით და ხმამაღლა ვყვიროდით. ახალგაზრდა გოგონა ჩემს გვერდით ფეხის არეში დაიჭრა,” – ჰყვება აქციის ერთ-ერთი მონაწილე ქალი.

სოციალურ ქსელებში აზადის მოედანზე გადაღებული ვიდეოები ვრცელდება, სადაც პროტესტის დასისხლიანებული მონაწილეები ჩანან. სისხლის გუბეები ჩანს ასფალტზეც.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, შვიდი დაჭრილი ადამიანი ნახა.

თეირანის პოლიციის უფროსი კი განცხადებაში აღნიშნავს, რომ სამართალდამცველებს ცეცხლსასროლი იარაღი არ გამოუყენებიათ.

დემონსტრაციები ქვეყნის სხვა ქალაქებშიც გაიმართა, თუმცა უცნობია, დასაშლელად იგივე ზომა თუ გამოიყენეს.

საპროტესტო აქცია ირანში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გაირკვა, რომ უკრაინული სამგზავრო ლაინერი ჩამოაგდეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ელიტურმა სამხედრო ქვედანაყოფმა “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა” აიღო, თეირანმა კი ავიაკატასტროფა, რომელსაც ბორტზე მყოფი 176 პირი ემსხვერპლა, მხოლოდ ადამიანური ფაქტორით ახსნა.

comments