ჩინეთში კორონავირუსით უკვე მეოთხე ადამიანი გარდაიცვალა. BBC-ს ინფორმაციით, დაავადების ახალი შტამის ბოლო მსხვერპლი 89 წლის მამაკაცია. ის უჰანში ცხოვრობდა – ქალაქში, სადაც ვირუსი თავდაპირველად გავრცელდა.

ამ დროისთვის დაავადების 200-ზე მეტი შემთხვევაა ცნობილი, ინფიცირებულები არიან პეკინსა და შანხაიშიც.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ გუშინ დაადასტურა, რომ გუანგდონგის პროვინციაში ვირუსი ადამიანს მეორე ადამიანისგან გადაედო. მანამდე ვარაუდობდნენ, რომ დაავადება ჰაერწვეთოვანი გზით არ გადაიცემოდა.

ამას გარდა, უჰანის ჯანდაცვის მუნიციპალურმა კომისიამ გაავრცელა განცხადება, რომ ქალაქში სულ მცირე 15 სამედიცინო პერსონალია ვირუსით დაავადებული, ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

სად გავრცელდა ვირუსი

დაავადება დეკემბერში პირველად უჰანში აღმოაჩინეს – ცენტრალურ ჩინეთში მდებარე ქალაქში, სადაც 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ქვეყანაში ამჟამად 218 დადასტურებული შემთხვევაა.

ვირუსით ინფიცირებულები გამოვლინდნენ სხვა ქვეყნებშიც – ორი ტაილანდში, ერთი იაპონიაში, ერთიც – სამხრეთ კორეაში. ყველა მათგანი უჰანიდან ახალი დაბრუნებულია.

სინგაპურის, ჰონგ-კონგისა და და იაპონიის დედაქალაქის, ტოკიოს აეროპორტები უჰანიდან ჩასულ მგზავრებს ამოწმებენ.

იმავე ღონისძიებას მიმართეს აშშ-ში, ლოს-ანჯელესისა და ნიუ-იორკის აეროპორტებში.

მგზავრების შემოწმებას გეგმავენ ავსტრალიაშიც, სადაც გასულ წელს ტურისტად 1 მილიონი ჩინელი ჩავიდა.

რამდენად სწრაფად ვრცელდება ვირუსი

ვარაუდობენ, რომ ვირუსი მიმდინარე კვირას კიდევ უფრო გავრცელდება – ჩინური ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ხალხი მოგზაურობას დაიწყებს.

წელიწადის ამ დროს ასობით ათასი ჩინელი ოჯახის მოსანახულებლად ქვეყანაში ბრუნდება. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შიშობენ, რომ დაავადების გავრცელების მონიტორინგი კიდევ უფრო გართულდება. ლონდონელი ექსპერტების ვარაუდით, დაავადების შემთხვევები  1700-ს გადააჭარბებს.

რა არის ცნობილი ვირუსის შესახებ

ვირუსი, რომელიც ნობილია როგორც 2019-nCoV, კორონავირუსის ახალ შტამად მიიჩნევა, რომელიც მანამდე ადამიანებში არასოდეს დაფიქსირებულა.

ფიქრობენ, რომ უჰანში ხალხი ინფიცირებული ცხოველებისა და ზღვის პროდუქტების შედეგად დაავადდა.

აქამდე ადამიანებში კორონავირუსის მხოლოდ 6 ტიპი იყო გამოვლენილი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოსახლეობას ურჩევს, ყურადღება გამოიჩინონ ცხოველებთან ურთიერთობისას, საგულდაგულოდ დაამუშაონ ხორცი და კვერცხი, მოერიდონ გრიპის მსგავსი სიმპტომებით დაავადებულებს.

ინფექციის ნიშნებს შორის არის ცხელება, ხველა, სუნთქვის უკმარისობა.

comments