რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის კადრების გასაჯაროების და მექანიზმის ექსპერტის მიმართ არაკონსტრუქციული კრიტიკის გამო.

„მივიჩნევთ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ეს ქმედება მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველი უნდა გახდეს. პრევენციის ეროვნული მექანიზმი დღესდღეობით წარმოადგენს ერთადერთ ორგანიზმს, რომელსაც უფლება აქვს, სპეციალური ნებართვის გარეშე შევიდეს თავისუფლების აღკვეთისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში და შეამოწმოს იქ განთავსებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა. შესაბამისად, პრევენციის ეროვნული მექანიზმი ინფორმაციის ერთადერთი წყაროა დახურულ და მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

როგორც ორგანიზაციები აცხადებენ, უკანასკნელ წლებში, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობის გაუარესებაზე არა მხოლოდ სახალხო დამცველი, არამედ წამების პრევენციის ეროვნული კომიტეტიც ალაპარაკდა. ამ უკანასკნელის 2018 წლის ვიზიტის ამსახველ ანგარიშში მოცემულია უკიდურესად შემაშფოთებელი ინფორმაცია პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრებს შორის გახშირებულ ძალადობის შემთხვევებზე.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებენ ე.წ. მაყურებლების გავლენაზე, რაც, მათი განცხადებით, უდიდეს გავლენას ახდენს არასათანადო მოპყრობის ფაქტების გახშირებაზე, ასევე, სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს სამართალდამცავი ორგანოებისა და სახალხო დამცველისთვის, განხორციელებული ძალადობის თაობაზე მსხვერპლისა და თვითმხილველების მხრიდან ინფორმაციის მოპოვების თვალსაზრისით.

განცხადებას ხელს აწერენ:

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის (RIVG) ს

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TIG)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი წამების მსხვერპლთა

ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრი “ემპათია”

ადამიანის უფლებათა ცენტრი.

21 იანვარს იუსტიციის მინისტრმა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა ვიდეო. როგორც წულუკიანმა თქვა, კადრებში ჩანს, როგორ იქცევა ომბუდსმენის წარმომადგენელი საკანში მონიტორინგის დროს. ერთ-ერთი ვიდეო, რომელზეც, მინისტრის თქმით, პატიმრების მხრიდან ციხის თანამშრომლების მიმართ ფიზიკური დაპირისპირების ეპიზოდებია ასახული.

comments