როგორც მოსალოდნელი იყო, საარჩევნო წელი ზუსტად ისე დაიწყო, როგორც უნდა დაწყებულიყო – 31 დეკემბრის ღამით, დენთის სუნი დადგა მთელ ქვეყანაში, მძიმე დენთის სუნი და მერე რა, რომ ეს სუნი ჰაერში გაშვებული მაშხალებისგან იყო – აგერ უკვე იანვარი შუაზე გადატყდა და დენთის სუნი სულ უფრო მძაფრდება. ეს იმის მიუხედავად, რომ მაშხალების გასაშვებად აღარავის სცალია. სამაგიეროდ, პოლიტიკურ მაშხალებს უშვებს ცალკე ხელისუფლება და ცალკე ოპოზიცია. ორივეს იმის იმედი აქვს, რომ მათი გაშვებული მაშხალა ნამდვილ ფოიერვერკს დაანთებს და ხალხს უფრო მოეწონება. ხალხი კი… მოდით შევთანხმდეთ, რომ ამომრჩეველი ზუსტად ისევე დარჩება მოტყუებული, როგორც წინათ, კიდევ იმის წინათ და უფრო იმის წინათაც და ზუსტად ისე ვერ მიიღებს ვერაფერს, როგორც ამ და უახლოეს არჩევნებში. ქართული რეალობაა ეს და შევეგუოთ იმას, რომ მხოლოდ პოლიტიკოსები კი არ გვატყუებენ, რეალურად ჩვენ ვიტყუებთ საკუთარ თავს და მომავლის იმედით ვაკეთებთ არჩევანს, რომელიც ვიცით, რომ არ გაამართლებს.

მთავარი თემა, რომელზეც კულუარებში თუ ღიად აქტიურად საუბრობენ, პრემიერობიდან გიორგი გახარიას წასვლაა. წესითა და რიგით, გახარია პოსტზე რეიტინგის პიკში მივიდა და მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. ახლაც რეალურად, მინისტრთა კაბინეტში თუ ვინმეს შეუძლია თქვას, ავტორიტეტი მაქვსო, ერთ-ერთი პირველი სწორედ გახარიაა. მაშინ, რატომ აგორდა ტალღა მისი გადადგომისა და პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების შესახებ? თუ ივანიშვილს წინასაარჩევნოდ უნდა ეფექტის მოხდენა, ჯერ ძალიან ადრეა, რადგან არ არის ივანიშვილი ჯადოქარი, ხელის ერთი დაქნევით ვერ შეცვლის ვერაფერს და ოქტომბრამდე იმდენ შეცდომას დაუშვებს ხელისუფლება, ივანიშვილის დისკრედიტაციისთვის საკმარისი იქნება. მაშინ გამოდის, რომ ივანიშვილი თუ დაბრუნებას აპირებს, არჩევნები გაზაფხულზე უნდა გაიმართოს, რადგან ბატონმა ბიძინამ სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში უხელმძღვანელოს მთავრობას, განაწყენებულ მხარდამჭერებს იმედი გაუღვივოს, სიის პირველი ნომერი, ანუ ლოკომოტივი გახდეს და არჩევნები დამაჯერებლად მოიგოს. ეს ვარიანტი იმდენად გაშიფრული იქნება, რომ ხალხი პირიქით, უფრო გაღიზიანდება. მაშინ, რა გამოდის, ვის აწყობს ის, რომ გახარიამ საკმარისზე მეტად ინერვიულოს? რომ მინისტრები საქმეზე მეტად საკუთარ სავარძელზე ფიქრობდნენ…

ძალიან უცნაურად არ გეჩვენებათ, რომ 17 იანვარს დანიშნულ რიგგარეშე სესიაზე რეალურად არაფერი არ მოხდა? ანუ პარლამენტმა განიხილა… არაფერიც არ განუხილავს, არცერთი ინიციატივა არ გაჟღერებულა, იმდენად უმნიშვნელო რაღაცებზე იმსჯელეს, რომ ამ საკითხების გატანა საგაზაფხულო სესიაზე, ანუ 4 თებერვალსაც შეიძლებოდა? რა მოხდა, რატომ დაინიშნა რიგგარეშე სესია და რატომ შეკრიბეს დეპუტატები? თუ მათთვის რაიმეს თქმა სურდათ, მარტივად შეიძლებოდა ეს ყველაფერი როსტომ მეფის სასახლეში უმრავლესობის სხდომაზე ეთქვათ. ამ სხდომაზე არავინ არაფერს ამბობს, კითხვაც არავის გასჩენია, თუმცა სწორედ 17 იანვარს უნდა დაწყებულიყო ის პროცესს, რაც წესით აღარ დაიწყება.

„17 იანვრის სხდომაზე, უმრავლესობიდან დეპუტატთა ჯგუფს უნდა გამოეთქვა უკმაყოფილება მთავრობის რამდენიმე მინისტრის მიმართ. ამის შემდეგ უნდა მომხდარიყო მინისტრთა კაბინეტის გადადგომა, უნდა დანიშნულიყო ვადამდელი არჩევნები და სწორედ ამ პერიოდში უნდა ყოფილიყო პრემიერი ივანიშვილი. ანუ, მას უნდა ეთქვა, რომ პოლიტიკაში კი არ ბრუნდება, არამედ ქვეყანა მშვიდად მიჰყავს ვადამდელ არჩევნებამდე. ივანიშვილის დაბრუნება, თუნდაც დროებით, აუცილებლად დადებითად იმოქმედებდა „ოცნების“ მხარდამჭერებზე, დააბნევდა ოპოზიციას და მოულოდნელობის ეფექტიც არ იქნებოდა ოპონენტებისთვის კარგი. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ, ეს იდეა უარყვეს, რადგან წინააღმდეგი ვახტანგ გომელაური წავიდა. მან დეტალურად ისაუბრა, თუ რა უარყოფითი შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ყველაფერს, ისაუბრა იმაზეც, რომ პოლიცია საკუთარი კადრებით სრულად არ ჰყავს დაკომპლექტებული და იმაზეც, რომ დაგეგმილი ეფექტის მიღწევა ძალიან ძნელი იქნებოდა. იმის მიუხედავად, რომ ამ იდეას პრაქტიკულად ყველა უჭერდა მხარს, ივანიშვილმა გომელაურს დაუჯერა და 17 იანვარს დანიშნული სესია მშობელთა კრებასავით მშვიდად ჩატარდა. ჰო, დეპუტატებს სიმშვიდისკენ და დაგეგმილი განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავებისკენ შეტყობინებები მამუკა მდინარაძემ დაუგზავნა“, -გვეუბნება ჩვენი წყარო.

მისივე მტკიცებით, საკითხი დღის წესრიგიდან ჯერაც არ მოხსნილა, თუმცა მხოლოდ გუნდის ლიდერებში, თორემ ივანიშვილმა აღნიშნული უკვე გადაიფიქრა და სასწაული უნდა მოხდეს, იგივე ფორმატს რომ დაუბრუნდეს. შესაბამისად, გახარიას გადადგომა და მთელი ეს სამთავრობო კარუსელი უკვე დასრულებულია. მოლოდინი ტყუილად არსებობს და ახლა მედია იმას ებღაუჭება, რამაც მანამდე გაჟონა. თებერვლის დასაწყისში ამ თემას მმართველი გუნდი თუ დაუბრუნდება, მხოლოდ ერთ შემთხვევაში – ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს, ივანიშვილი კი დროებით, ანუ არჩევნებამდე დაბრუნდეს, რაც ამ ეტაპზე გამორიცხულია. – ამბობს წყარო და ვნახოთ, რამდენად გამართლდება მისი პროგნოზი.

ისე, თუ დააკვირდით, 17 იანვარს აღარც ოპოზიციამ გამართა საპროტესტო აქცია, პარლამენტარები მშვიდად შევიდნენ შენობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია მომენტს ელოდება, არ სურს ფინანსური რესურსი დახარჯოს, ადამიანური რესურსი კი რამდენიც აქვს, თავად უკეთ იცის. ახლა ყველა 4 თებერვალს და საგაზაფხულო სესიას ელოდება, რომ მეტი სიცხადე შეიქმნას, მაგრამ ძალიან საეჭვოა, იმაზე მეტი ითქვას, ვიდრე აქამდე თქმულა. გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული განცხადებაც, ბოლო სერიას დაელოდეთო, მხოლოდ ერთს ნიშნავს – თუ გახსოვთ, პრემიერი პარლამენტში სტუმრობისას ნაციონალურ მოძრაობას დაპირდა, დაგასრულებთო და ახლა ივანიშვილმა უთხრა, კარტ-ბლანში გაქვს, მიდი, დაასრულეო. შესაბამისად, გახარია აუცილებლად გააკეთებს ისეთ სვლას, რომელიც ოპოზიციას ძალიან არ მოეწონება. – ესეც წყაროს პროგნოზია.

ამასთან ერთად, 21-24 იანვარს, დავოსის ეკონომიკური ფორუმი გაიმართება, სადაც აუცილებლად წავა პრეზიდენტი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, რადგან 2020 წლის ფორუმი სწორედ მდგრად განვითარებას ეძღვნება. ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ არის, გაემგზავრება თუ არა ფორუმზე გიორგი გახარია და ეს იმიტომ, რომ ხელისუფლებაში არ იციან, რამდენად მოხდება გახარია-პუტინის შეხვედრის ორგანიზება. რუსეთის პირველ პირს საქართველოს პრეზიდენტი აუცილებლად გადაეყრება სადმე ფოიეში მაინც და იმ შემთხვევაში, თუ გახარია-პუტინის შეხვედრის ორგანიზება ვერ მოახერხა შვეიცარიულმა მხარემ, ზურაბიშვილი აუცილებლად გაუცვლის რამდენიმე ფრაზას და ეჭვი გვაქვს, ეს ფრაზა სასიამოვნო არ იქნება. თუ გახარია-პუტინის შეხვედრა გაიმართება, ეს წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდის უდიდესი პლუსი იქნება, რადგან ოცნება იტყვის, რომ რუსეთთან დიალოგს იწყებს და თემა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაა.
ასეა თუ ისე, ჩვენი წყარო (თანაც რამდენიმე) ამტკიცებს, რომ გახარიას არაფერი ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა არჩევნებამდე დაგეგმილ ფარგლებში მივა. აი, ვადამდელი არჩევნები კი შესაძლოა, ივანიშვილის პრემიერობით ჩატარდეს, რისი შანსიც, ისევ ვიტყვით, რომ ძალიან მცირეა.

წყარო:გაზეთი “ალია”

comments