კომუნიკაციების მარეგილირებელი კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური, რომელიც ერთ-ერთ მაღალანაზღაურებად მოხელედ ითვლება საქართველოში, ქონების არასრულად მითითების გამო დაჯარიმდა.

როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს გასული წლის ანგარიშშია აღნიშნული, დაჯარიმების მიზეზი – საბანკო ანგარიშების მიუთითებლობა და მეუღლის შემოსავლებში შეუსაბამობა გახდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს კომისიის თავმჯდომარე. 2019 წლის 31 მაისს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ბექაური ფლობს 180 კვ.მ-ის ბინას თბილისში, რომელიც 2018 წელს 174 000 დოლარად შეიძინა. გარდა ამისა, ბექაური ფლობს – 73,2 კვ. მეტრის ბინას თბილისში, 44,05 კვ. მეტრის ფართობის ბინასა და 17,5 კვ. მეტრის ავტოფარეხს დუშეთში.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა ანგარიშზე – 493 203 ლარი; 115 076 დოლარი; 1 981 ევრო; 14 996 გირვანქა სტერლინგი ჰქონდა. მანვე კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე 2018 წლის განმავლობაში შემოსავლის სახით, 202 021 ლარი მიიღო.

ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, ბექაური ფლობს შპს „ორი ნაბიჯის“ 33,33%-იან წილს, რომლის საქმიანობითაც წლიურად 441 412 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული. ამასთან, არის შპს „მეგაპოლის კლასიკის“ 40%-იანი და შპს „სხვა არხის“ 100%-იანი წილის მფლობელი, რომელთა საქმიანობითაც შემოსაალი არ მიუღია.

როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია მითითებული, კახა ბექაურის მეუღლე ეკა ბერიძე ფლობს, 92,3 კვადრატული მეტრის, 60 კვ. მეტრისა და 21 კვ. მეტრის ბინებს თბილისში, ასევე 9.8 კვადრატული მეტრის არასაცხოვრებელ ფართს ლისი ვერანდაზე. გარდა ამისა, მასვე ეკუთვნის ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე 79,6 კვ.მ ბინა და 12 კვადრატული მეტრის ავტოფარეხი ბათუმში. მის საკუთრებაშია ასევე მსუბუქი ავტომობილი ტოიოტა RAV4.

ბერიძეს დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჯამში, -1 181 ლარი ჰქონდა. ამასთან, მისი წლიური ანაზღაურება 2018 წელს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კომუნიკაციების დირექტორის თანამდებობაზე – 278800 ლარი იყო. როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ბერიძე შპს „ორი ნაბიჯის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია, საიდანაც მისმა შემოსავალმა – 192 000 ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, ბექაურისა და ბერიძის სახელზე რამდენიმე სესხიც ფიქსირდება, რომელთა შედეგადაც, მათმა წლიურმა გასავალმა ჯამში, 487 252 დოლარი შეადგინა. ამასთან, ბერიძემ ფართის გაქირავებიდან შემოსავლის სახით, 33 999 ლარი მიიღო; ბექაურმა კი მიწის ნაკვეთისა და ბინის გასხვისების შედეგად, 92 480 დოლარისა და 55 000 ლარის შემოსავალი მიიღო.

bpn.ge

 

comments