საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ საიდუმლოდ ტოვებს ინფორმაციას, დაინიშნება თუ არა ბოლო დროს სკანდალში გახვეული დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან იზორია გერმანიის ელჩის პოზიციაზე. როგორც “2020NEWS”-ს სამინისტროში განუცხადეს, ამ საკითხთან დაკავშირებით უწყებას, ჯერჯერობით, კომენტარის გაკეთება არ შეუძლია.

“ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებთ. დანიშვნას აქვს თავისი პროცედურები. უწყება ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს მაშინ გააკეთებს, როცა საჭირო იქნება“,- განაცხადეს სამინისტროში.

სად მიდის ლევან იზორია, არ იციან მმართველ პარტიაშიც. როგორც “ქართული ოცნების“ დეპუტატმა კარლო კოპალიანმა “2020NEWS“-ს განუცხადა, დაინიშნება თუ არა ლევან იზორია გერმანიის ელჩის პოზიციაზე, მისთვის უცნობია.

“ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ მაქვს. ვიცი, რომ იზორია გერმანიაში ელჩად მიდის. თუ იზორიამ დაადასტურა, რომ ამ თანამდებობაზე ინიშნება, მაშინ ასე იქნება. სხვა ინფორმაცია ნამდვილად არ გამაჩნია“,- განაცხადა კარლო კოპალიანმა.

პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი “2020NEWS”-თან აცხადებს, რომ იზორიას ელჩის თანამდებობაზე დანიშვნას ხელს გერმანია უშლის. მისივე თქმით, ბოლო დროს ექსმინისტრი ანტიგმირად იქცა, რაც გერმანიისთვისაც კარგად ცნობილი ფაქტია.

“არ გამოვრიცხავ, რომ ლევან იზორია გერმანიის ელჩად აღარ დაინიშნოს. ის ბოლო დროს ანტიგმირად იქცა. ბიძინა ივანიშვილს საკუთარი პრობლემები ეყოფა, სხვისი პრობლემების დამატება აღარ უნდა. გამორიცხული არ არის, რომ თავად გერმანიის მხრიდან დაისვა კითხვები ლევან იზორიასთან დაკაშვირებით. როცა ადამიანი ელჩის თანამდებობაზე ინიშნება, ეს  საკითხი მინიმუმ გერმანიის ხელისუფლებასთან უნდა იყოს შეთანხმებული“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ინფორმაციისთვის, მას შემდეგ, რაც დაზღვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან იზორია მის ძმასთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა,  აღნიშნული თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ გერმანიაში ელჩის პოზიციაზე ინიშნება და ეს დანიშვნა დიდი ხნის წინ გადაწყდა.

comments