ყარაჯალარში, მანქანაში ნაპოვნი დამწვარი პირი იდენტიფიცირებულია, მკვლელობაში ეჭვმიტანილი კი დაკავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული, წარსულში ძარცვისთვის ნასამართლევი ნ.ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტაქსის მძღოლს – 1956 წელს დაბადებულ დ.შ.-ს სხეულზე სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი, ცხედარი მოკლულის ავტომობილში მოათავსა, კვალის დაფარვის მიზნით ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,” – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

comments