“შოთაძის დაბრუნება ივანიშვილისთვის ერთი დიდი ექსპერიმენტია და მეორე ამბავსაც გვიმზადებს”

0

„ირაკლი შოთაძის დაბრუნებით, მმართველი გუნდი რეალურად დიდ ექსპერიმენტს ატარებს. თუ სახალხო პროტესტი მასობრივი არ იქნება და შოთაძეს მშვიდად მიიღებს საზოგადოება, რისი ნიშნებიც აშკარად არის, მომავალი პარლამენტის თავმჯდომარე ისევ ირაკლი კობახიძე გახდება. ივანიშვილი მიხვდა, რომ თალაკვაძე, მიუხედავად სტატუსისა, ვერ არის კარგი შემსრულებელი და ვერ არის ისეთივე ცივსისხლიანი გადაწყვეტილებების მიღებისას, როგორც კობახიძე იყო. ამიტომ, მისი დაბრუნება აქტიურად განიხილება და სწორედ შოთაძის ექსპერიმენტის შემდეგ გადაწყდება ყველაფერი. ძალიან დიდი ალბათობით, ეს ექსპერიმენტი კარგად ჩაივლის და კობახიძე სპიკერის სავარძელში 2020 წელს ისევ ჩაბრძანდება“, – გვეუბნება მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი.

მანამდე კი გასარკვევი შიდა ამბებია. დასამალი არ გახლავთ ის, რომ დეპუტატობა ყველას სურს, მოქმედებსაც და ისეთებსაც, ვისაც თავის დროზე დაპირდნენ პარლამენტარობას, ახლა კი პირობის შესრულების დრო მოვიდა. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია ლიდერთა ბირთვი, გასათვალისწინებელია იმ ადამიანთა ოდენობაც, რომლებმაც საქმე უნდა აკეთოს და რაღა თქმა უნდა, ე.წ. „ხელის ამწევები“. ყველაზე მეტი გავლენა და ფული სწორედ ამ უკანასკნელთ აქვთ და ამიტომ, ისინი „ოცნებამ“ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, თუმცა მსურველი იმაზე სამჯერ მეტია, ვიდრე რეალურად ადგილი არსებობს.

რამდენიმე დეპუტატი პირად საუბარში არ მალავს, რომ მას უკვე უთხრეს, შემდეგი მოწვევის პარლამენტში რომ აღარ იქნება, მაგრამ დაპირდნენ დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, მინისტრის მოადგილეობას, მინისტრობასაც კი, შესაბამისი სიტუაციის შემთხვევაში, ელჩობას და ა.შ. ანუ, მოქმედი დეპუტატებიდან მშიერი და უყურადღებო არავინ დარჩება, მაგრამ ყველას კარგად ესმის, რომ თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას შეინარჩუნებს, ყველაზე დიდი გავლენით სწორედ დეპუტატები ისარგებლებენ და ამიტომ, ამის ხელიდან გაშვება არავის სურს.

„ალბათ, საქართველოს ფოსტაში არ შედის ყოველდღიურად იმდენი წერილი, რამდენიც პარტიის ცენტრალურ ოფისში. ადამიანები ერთმანეთის ჩაშვებით არიან დაკავებულები, ერთმანეთს ფეხს უდებენ და ღია ბრძოლა იმდენად თვალსაჩინოა, რომ კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მერი საკრებულოს თავმჯდომარეს არ ელაპარაკება, ორივეს ერთად არ ელაპარაკება დეპუტატი და საკმარისია რამე მოხდეს, პარტიის ლიდერების ტელეფონები ფეთქდება. მთავარი ის არის, ვინ მოასწრებს ამბის მიტანას და სიტყვა თავმოყვარეობა და სინდისი რეგიონებში ახლა ყველაზე ნაკლებად ფასობს“, – გვეუბნება ჩვენი წყარო.

როცა დიდ პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდა, მაშინვე ითქვა, ივანიშვილი მას მომავალი პარლამენტის თავმდჯომარედ ამზადებსო, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა. მართალია, თავად ღარიბაშვილს სპიკერობა ძალიან უნდა, მაგრამ რეალურად, ივანიშვილს ძალოვანი უწყება არ ეთმობა. მას სურს, რომ პოლიციაში, თავდაცვასა და უსაფრთხოების სამსახურში ბოლომდე ერთგული კადრი ჰყავდეს. აი, ეს ბოლომდე ერთგულება კი ძნელი დასამსახურებელია და ამიტომაც არის, გომელაური ხან ერთ უწყებაში რომ არის და ხან მეორეში, ამიტომაა ანზორ ჩუბინიძე ხელშეუხებელია, ამიტომ მისცეს ღარიბაშვილს თავდაცვა და… ამიტომ აბრუნებენ გენერალურ პროკურორად შოთაძეს, რადგან სხვა კადრი, ისეთი, რომელსაც ივანიშვილი ბოლომდე ენდობოდა, უბრალოდ ვერ მოინახა.

comments
Share.

About Author