უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. გომელაურმა ამ თანამდებობაზე ლევან იზორია შეცვალა, ეს უკანასკნელი კი გერმანიაში საქართველოს ელჩად ინიშნება. გომელაური შს მინისტრის პოსტზეც რჩება.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ქონებას ფლობს და როგორია მინისტრის და უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფინანსური მდგომარეობა.

როგორც 2019 წლის 19 ივნისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციაშია აღნიშნული, გომელაურის სახელზე უძრავ-მოძრავი ქონება არ არის რეგისტრირებული. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში 12 207,16 ლარი; 7 185,31 დოლარი და 3 000 ევრო; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი, 32 500 ლარი ჰქონდა.

მისმა შემოსავალმა, სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე 2018 წლის განმავლობაში 100 569,6 ლარი შეადგინა. რაც შეეხება მის წლიურ გასავალს, სესხის მომსახურებაზე 12 864,16 დოლარის; ხოლო აგარაკის მოსაწყობად – 16 000 ლარის გასავალი ჰქონდა.

შინაგან საქმეთა მინისტრი მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი მეუღლე ფლობს, 1 088 კვ.მეტრი ფართობის მიწას სოფელ გორანაში, რომელიც გასულ წელს ჩუქებით აქვს მიღებული, მის საკუთრებაშია ასევე – 650,6 კ. მეტრის აგარაკი ტაბახმელაში; 1 422 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი გორანაში და 2 001 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი ტაბახმელაში.

აღსანიშნავია, რომ ჩინოვნიკის რანგში ვახტანგ გომელაურმა პირველი ქონებრივი დეკლარაცია 2013 წლის 20 მაისს შეავსო. იმ პერიოდში იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. იმ დეკლარაციის მიხედვით, ვახტანგ გომელაურის საკუთრებაში ვარკეთილში მდებარე, 64კვ. მეტრი ფართობის ბინა ფიქსირდება, ხოლო მისი მეუღლის საკუთრებაში იმავე მისამართზე არსებული 88 კვ. მეტრი ფართობის ბინა. მეუღლის სახელზე იყო ავტომობილი – Honda CRV. რაც შეეხება გომელაურის ფინანსურ ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების დროს ბანკში – 4 300 ლარი, 150 დოლარი, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით 10 000 აშშ დოლარი და 7 000 ლარი ჰქონდა.

bpn.ge

comments