საკრუიზო გემ Diamond Princess-ზე კორონავირუსი ვრცელდება. ფოტოგრაფებმა – ზოგიერთმა ექსკლუზიურად რადიო თავისუფლებისთვის – აღბეჭდეს გემზე ცხოვრების მომენტები.

ხალხი დამცველი ტანსაცმლით მოძრაობს საკრუიზო გემ Diamond Princess-ზე. 3700-მდე ადამიანს გემის დატოვება ეკრძალება მას შემდეგ, რაც რამდენიმე მგზავრს ახალი კორონავირუსი აღმოაჩნდა 4 თებერვალს.

Diamond Princess-ი ამჟამად ზღვაში დგას იაპონიის პორტ იოკოჰამის მახლობლად. მის გარშემო პოლიციის ხომალდები პატრულირებენ, რათა საკრუიზო გემთან ახლოს არ მიუშვან სამოქალაქო პირები.

პერსონალი დეზინფექციას უკეთებს Diamond Princess-ის ერთ-ერთ ლიფტს. ეკიპაჟის წევრმა რადიო თავისუფლებას უთხრა: „საშინელებაა. ვერ დამიჯერებია, რომ ეს ჩემს გემზე ხდება.“

ხედი ხომალდის გემბანიდან. კორონავირუსის დიაგნოზი დაუდგინდა 136 ადამიანს, მათ შორის ეკიპაჟის 11 წევრს. სულ მცირე, ერთ-ერთი მათგანი უკრაინელია.

მგზავრები Diamond Princess-ის გემბანზე. ეკიპაჟის წევრმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მგზავრების უმრავლესობა 50 წელს გადაცილებულია. ცნობილია, რომ კორონავირუსი ძირითადად ხანდაზმული ან სუსტი პაციენტებისთვის არის სასიკვდილო.

ტრაპი ბრეზენტით დაფარეს, სანამ გემიდან ათობით ინფიცირებული მგზავრის ევაკუაციას მოახდენდნენ 10 თებერვალს. მგზავრებს, რომლებიც ჯერ კიდევ გემზე იმყოფებიან კარანტინში, ინფორმაციით ამარაგებენ. ასევე მათ კომპენსაციის გადახდა შესთავაზეს. მაგრამ ეკიპაჟს ძალზე ცოტა ინფორმაციას აწვდიან, როგორც მისმა წევრმა უთხრა რადიო თავისუფლებას. ეკიპაჟისთვის არ შეუტყობინებიათ იმ დაავადებული კოლეგების ვინაობა, რომლებიც ხმელეთზე გადაიყვანეს სამკურნალოდ.

ხელების სადეზინფექციო საშუალება და რეზინის ხელთათმანების ცარიელი კოლოფი. მთელი ხომალდი მოფენილია ასეთი მედპუნქტებით.

Diamond Princess-ის ეკიპაჟის წევრი ესაუბრება დამცველ ფორმაში ჩაცმულ თანამშრომელს. ეკიპაჟი და მგზავრები ვალდებული არიან საკუთარი კაიუტის დატოვებისას ყოველთვის გამოიყენონ ხელთათმნები და ნიღბები.

კარანტინში მყოფი გემის მგზავრისთვის განკუთვნილი საკვები. ერთი კვირის წინ კარანტინის დაწყების შემდეგ ეკიპაჟის წევრებს უფლება მისცეს, ბარში სასმელი შეიძინონ, რის უფლება, ჩვეულებრივ, მხოლოდ თვეში ორჯერ აქვთ.

იაპონელთა ჯგუფი კვლავ ხმელეთზეა Diamond Princess-ის მონახულების შემდეგ. ზოგიერთმა მგზავრმა გამოთქვა შიში, რომ დაავადება, რომლის შესახებაც ჯერჯერობით ცოტაა ცნობილი, შესაძლოა გემის სავენტილაციო სისტემით ან საკვებით გადადიოდეს.

მგზავრები გემბანზე. Diamond Princess-ზე მყოფი მგზავრები ძირითადად თავთავიანთ კაიუტებში იმყოფებიან, მაგრამ დროდადრო სუფთა ჰაერზე სასეირნოდ გადიან. 9 თებერვალს იაპონიაში აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ „არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ვირუსი გემის კაიუტებს შორის შეიძლება გავრცელდეს ვენტილაციის სისტემით“.

გემში განთავსებულ დაბეჭდილ ციტატებს შორის ერთ-ერთი: „გამძლეობა ემყარება თანაგრძნობას როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ.“

ხედი ხომალდის გემბანიდან. Princess Cruises-ის მენეჯმენტის თანახმად, კარანტინი გასტანს 19 თებერვლამდე, როცა გემზე მყოფ ყველა ადამიანს დართავენ შინ დაბრუნების ნებას, „თუ არ წარმოიშვება რაიმე სხვა მოულოდნელი გარემოებები“.

comments