რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ავადმყოფები უწოდა ქართველ ჟურნალისტებს, რომლებიც ჟენევაში, გაეროს ოფისში ცდილობდნენ მისგან პასუხის მიღებას, დაესწრება თუ არა თბილისში, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომას. „თქვენ ავად ხართ, გოგოებო“, – ასე მიმართა ლავროვმა საზოგადოებრივი მაუწყებლის და „იმედის“ ჟურნალისტებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ფეისბუკზე დაწერა, რომ ქართველი ჟურნალისტი ქალები რუსეთის დელეგაციას მივარდნენ.

ზახაროვა ჟურნალისტებს მემებად მოიხსენიებს და წერს, რომ ისინი ყვირილით და ჯაჯგურით ცდილობდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მიახლოებას. ზახაროვას განცხადებით, იძულებული იყვნენ გვერდზე გაეწიათ ღირსებადაკარგული ქალები, რომლებსაც მხოლოდ ის აინტერესებდათ, ჩავა თუ არა ლავროვი თბილისში. ზახაროვა წერს, რომ ეს იყო საცოდავი სანახაობა.

რუსეთის დელეგაცია ჟენევაში იმყოფება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიაში მონაწილეობისთვის.

მაისში, საქართველომ ევროსაბჭოს მინისტერიალს უნდა უმასპინძლოს, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანამ. მინისტერიალში, ტრადიციულად, მონაწილეობენ საგარეო საქმეთა მინისტრები. საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ჩამოსვლის შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს გეგმავენ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის ნაწილი. ლავროვს დარღვეული აქვს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

comments