„იგივენაირად ვცხოვრობთ, როგორც ვცხოვრობდით. რასაც ვაკეთებდით, იმას ვაკეთებთ ახლაც – ცოტა დიდი დოზებით, უბრალოდ“.

„ორი შვილი მყავს – 4.5 და 2.7 წლის. ვცდილობთ, არდადეგების დროს ოჯახში ის რეჟიმი დავიცვათ, რაც ბაღის დროს გვაქვს“.

„ჩემი 7 წლის შვილი სრულიად ამოვარდნილია ყველანაირი კალაპოტიდან, გარდა იმისა, რომ ხატავს და ცოტას კითხულობს. ძალიან უჭირს ამ რეჟიმთან შეგუება“.

„სამი შვილი მყავს: ერთი სკოლაში დადის, ორი ბაღში. პირველს ონლაინგაკვეთილები ეწყება ხვალიდან და უნდა ვატარო სამსახურში. პატარები ბებიასთან არიან“.

ასეთ პასუხებს მოისმენთ იზოლაციაში მყოფი მცირეწლოვანი შვილების მშობლებისგან, თუ ჰკითხავთ, როგორ შეცვალა იზოლაციაში ყოფნამ მათი და მათი ოჯახების ცხოვრება.

ბავშვები კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო სკოლებსა და ბაღებში, უკვე რამდენიმე კვირაა, არ დადიან. სასწავლო დაწესებულებები 4 მარტის შემდეგ დაკეტილია. დღევანდელი მოცემულობით, არდადეგები 1 აპრილამდე გაგრძელდება, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ იძულებითი არდადეგები კიდევ გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში დაკეტილია სპორტული დარბაზები, სახელოვნებო დაწესებულებები, ენის კურსები და ყველა ის სივრცე, სადაც ბავშვებს შეეძლოთ სიარული.

  • რას ჰყვებიან მშობლები?
  • რას გვირჩევენ ფსიქოლოგები?
  • რა საბავშვო რესურსები არსებობს ქართულ ენაზე?
  • და მაინც, როგორ ვიმუშაოთ და მოვუაროთ ბავშვებს ერთ დროსა და ერთ სივრცეში?

კორონავირუსის საფრთხის გამო სამსახურში სიარულის ნაცვლად სახლიდან მუშაობის რეჟიმზეა გადასული მშობელთა დიდი ნაწილიც. ერთ სივრცეში ბავშვებისთვის სასწავლო და სათამაშო გარემოსა და მშობლებისთვის სამუშაო სივრცის შექმნა ადვილი არ არის – ბავშვებს ყურადღება სჭირდებათ, ფიზიკური აქტივობები, მეცადინეობისას დახმარება და იმ შემთხვევაში, თუ მათი სკოლები დისტანციურ სწავლებას ნერგავენ, ამ პერიოდში დამატებითი გაჯეტებით უზრუნველყოფა, სრული სამუშაო დროის განმავლობაში, თუნდაც სამუშაო სახლში ყოფნას გულისხმობდეს, პატარებისთვის ამდენი დროის გამოყოფა ძირითადად შეუძლებელია.

„სამსახურში ახალ რეჟიმზე გადამიყვანეს: სამ დღეს ვმუშაობ, სამ დღეს ვისვენებ და იმ სამ დღეს, როცა სახლში ვარ, ყირაზე გადავდივართ ერთად. ორი დღის წინ პარკში მყავდა გაყვანილი და სასრიალოზე ყოველი ჩამოსრიალების მერე ვწმენდდი ხელებს, რაც ცხოვრებაში არ გამიკეთებია. ამ ბოლო დღეების გადაწყვეტილებების შემდეგ ვცდილობ სახლიდან გარეთ იშვიათად გავიყვანო. არ ვრთავთ ტელევიზორს, ტელეფონს და პლანშეტს; თუ ვრთავთ, მხოლოდ მუსიკისთვის და საცეკვაოდ. ჯერჯერობით ოჯახში ფანტაზია და ენერგია გვყოფნის, რომ ამ რეჟიმს გავუძლოთ და ბავშვებმა არ გააპროტესტონ იზოლირებული ცხოვრება“, – გვეუბნება ანა, რომელსაც ორი ბაღის ასაკის ბავშვი ჰყავს და საკუთარი ეზო აქვს. ამბობს, რომ ეზო და შეცვლილი დღის განრიგი საქმეს უმარტივებს. მთავარი გამოწვევა მისთვის ისაა, რომ ისეთი რეჟიმი შეუნარჩუნოს ბავშვებს დახურული ბაღის პირობებში, როგორც მანამდე ჰქონდათ.

ბავშვებისთვის, განსაკუთრებით მცირე ასაკში, მნიშვნელოვანია, უფროსები იყვნენ თანმიმდევრულნი და პატარებს ჰქონდეთ რუტინა. მათ უნდა იცოდნენ, რა არის დაგეგმილი, რას მოელიან მისგან, რა არის მისაღები ქცევა, რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა და ა.შ. გახანგრძლივებული არდადეგები ზრდის რისკს, რომ ბავშვები ჩვეული რეჟიმიდან გადაუხვევენ. ამ რისკის შესამცირებლად შეგიძლიათ შეადგინოთ დღის განრიგი ბავშვებთან ერთად თითოეული დღისთვის და ყველა შესრულებული აქტივობა ბავშვმა თვითონ მონიშნოს. ამ გზით, ერთი მხრივ, თვითონ იგრძნობს პასუხისმგებლობას თავის დღის განრიგზე, მეორე მხრივ, დაინახავს, რამდენ განსხვავებულ რამეს აკეთებს დღის განმავლობაში.

„ჩვენ ვცადეთ გაკვეთილების დაგეგმვა. მამა ინგლისურს ამეცადინებდა, მე – შემოქმედებით სავარჯიშოებს ვაკეთებინებდი, რაც ხატვას, ბალეტს და სხვა აქტივობებს მოიცავდა, ბებოს ფოლკლორი დაევალა. შაბათ-კვირას დავტესტეთ და ძალიან მომწონს ეს სტრუქტურა, მაგრამ, თუ ვმუშაობ, აღარ გამოდის. სახლიდან მუშაობა არ გამომდის, ცარიელ ოფისში დავდივარ, რომ დაწყებული საქმეები ბოლომდე მივიყვანო. ამ რეჟიმში დრო ბავშვისთვის ძირითადად უინტერესოდ გადის. მთელი დღე ითხოვს, რომ რამე ჩავურთოთ: ან ტელეფონი, ან ტელევიზორი. მერე იღლება და თვითონ იწყებს ხატვას, ძერწვას ან თამაშს. ერთი კვირის წინ ძიძაც გავუშვით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სიარულისას რისკი თავიდან აგვერიდებინა და მთელი ეს დრო თვითგამორკვევისთვის დაგვჭირდა. ბაღმაც მოგვწერა, რომ „ზუმის“ საშუალებით აპირებენ გარკვეულ დისტანციურ აქტივობებს. ეგენიც თუ მოგვეშველებიან, იქნებ მართლა ჩამოვაყალიბოთ რუტინა. რუტინის გარეშე დაღუპულები ვართ“, – ეს ნატალიაა, 4 წლის კატოს დედა.

რადიო თავისუფლება
comments